1733169705
კახეთისა და სამეგრელოს რეგიონში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისები გაიხსნა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ქ. თელავსა და ქ. ზუგდიდში რეგიონალური სამმართველოები გაიხსნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ არაერთ მნიშვნელოვან დანაშაულებს იძიებს. ობიექტური, სწრაფი და ეფექტური გამოძიების წარმოება სამსახურისგან სათანადო მობილობას, საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ფუნქციების შეუფერხებელ განხორციელებას მოითხოვს. სწორედ ამ ამოცანების შესრულების მიზნით, სამსახურმა ახალი ოფისები კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გახსნა.
ახალი რეგიონალური სამმართველოების ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ოფისი უზრუნველყოფილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვისა და ამოცნობის ოთახებით. ასევე დაგეგმილია ბავშვზე მორგებული არასრულწლოვთა სივრცეების მოწყობა და ტელეხიდის სისტემების დამონტაჟება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სამსახურის სხვადასხვა რეგიონში მყოფ თანამშრომლებს, მაღალი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დისტანციურ სამუშაო შეხვედრებს დაესწრონ ან/და ჩაატარონ.
ახალი ოფისების დამატების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო მეტ მოქალაქეს გავუწიოთ სათანადო დახმარება.სამსახური აქტიურად აგრძელებს ინსტიტუციური გაფართოების პროცესს, მომდევნო წელს შემდეგი რეგიონალური სამმართველო ქ. რუსთავში ამოქმედდება.