დაუნის სინდრომის დღე რუსთავში „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლის პრემიერით აღნიშნეს

რუსთავი

რუსთავმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ,,აზდაკის ბაღის’  ინტეგრირებულ თეატრს უმასპინძლა. თეატრის დასმა, რუსთაველ მაყურებელს  ნოდარ დუმბაძის ,,Hellados"-ის მიხედვით დადგმული სპექტაკლი შესთავაზა.

პრემიერას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილი, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია ფოცხვერაშვილი  ახალგაზრდებთან ერთად დაესწრნენ.

„რუსთავმა ,,აზდაკის ბაღის”  თეატრს ვუმასპინძლეთ. მთელი მსოფლიო  და საქართველოც აღნიშნავს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს და  ამ არაჩვეულებრივი თეატრის დასთან, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, სიმბოლური და  ემოციური იყო. იყო საოცრად თბილი სპექტაკლი. ამ დღისთვის  განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი კულტურის სამსახურს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

,,აზდაკის ბაღის” თეატრი უკვე მეცხრე წელია რაც არსებობს. დასის შემადგენლობაში, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 მოყვარული მსახიობიცაა დაკავებული. ინტეგრირებული თეატრი, თავისი შემოქმედებით, შშმ პირების სოციალიზაციას და მათი პოტენციალის გამოვლენას უწყობს ხელს.