1692302192
შეცდომა, რომელსაც კაპტოპრილის მიღებისას უშვებენ - რას გვირჩევს ექიმი
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რეკომენდაციას ავრცელებს და ყურადღებას ამახვილებს მედიკამენტ კაპტოპრილი-ის სწორად მიღებაზე.
მისი განმარტებით, საქართველოში ბევრი ადამიანი კაპტოპრილს თვითნებურად იღებს და ამ პროცესში რიგ მნიშვნელოვან შეცდომებს უშვებს.
ექიმის თქმით, კაპტოპრილი არასდროს უნდა მიიღონ საკვებთან ერთად, რადგან ეს მის შეწოვას ამცირებს და შედეგად არტერიული წნევა სათანადოდ არ ქვეითდება. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან ორი საათის შემდეგ.
გიორგი ღოღობერიძე ასევე აღნიშნავს, რომ კაპტოპრილი სწრაფად იწყებს მოქმედებას, თუმცა მისი ეფექტი შედარებით მოკლეა და დაახლოებით 5-6 საათს გრძელდება, რის გამოც მას ექიმების ნაწილი ნაკლებად ანიჭებს უპირატესობას.
მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტი ორგანიზმში კალიუმის დონის მატებას იწვევს, ამიტომ ამ პერიოდში კალიუმით მდიდარი პროდუქტების — მაგალითად ბანანის, ისპანახისა და ავოკადოს — ჭარბად მიღება სასურველი არ არის.
ექიმი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე: კაპტოპრილი თუთიას აკავშირებს, რამაც შესაძლოა გემოს რეცეპტორების ცვლილება და პირის ღრუში მეტალის გემოს შეგრძნება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, მისი თქმით, პრეპარატის მიღებისას პაციენტების ნაწილს ხველა ეწყება, რაც იმ ნივთიერებების დაგროვებას უკავშირდება, რომლებიც ფილტვებს აღიზიანებს.
ექიმი მოსახლეობას მოუწოდებს, მედიკამენტები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით მიიღონ და თვითმკურნალობას თავი აარიდონ.












