1766688585
როგორ მოქმედებს წყალი არტერიულ წნევაზე - ექიმის განმარტება
არტერიული წნევის კონტროლი ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
სპეციალისტების თქმით, ჰიდრატაციის შენარჩუნება გულზე ზრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა. როდესაც ორგანიზმი საკმარის წყალს იღებს, სისხლი უფრო თავისუფლად ცირკულირებს და გულს ნაკლები დატვირთვა უწევს. ამასთან ერთად, უმჯობესდება თირკმელების ფუნქცია და ელექტროლიტური ბალანსი, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორ მუშაობას.
კარდიოლოგების განმარტებით, წყლის საკმარისი მიღება ამცირებს სისხლის შედედების რისკსაც, რაც ხშირად მაღალი არტერიული წნევის ფონზე ვითარდება. უკეთესი ჰიდრატაცია ხელს უწყობს სისხლის უწყვეტ და შეუფერხებელ მოძრაობას.
ამერიკის გულის ასოციაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წყლის მიღებაზე გულის დაავადებისა და დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ასევე 50 წელს გადაცილებულთათვის, რადგან ასაკთან ერთად წყურვილის შეგრძნება ხშირად ქვეითდება.
სპეციალისტები გვირჩევენ ყურადღება მივაქციოთ შარდის ფერს - ღია ყვითელი ფერი მიუთითებს საკმარის ჰიდრატაციაზე, ხოლო მუქი ფერი ორგანიზმში წყლის დეფიციტის ნიშანია.
დეჰიდრატაცია, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე. ის ანელებს სისხლის ნაკადს, იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას ორგანოებში და შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა. ამ პროცესს თან ახლავს გულისცემის გახშირება და სისხლძარღვების შევიწროება, რაც საბოლოოდ არტერიული წნევის მატებას უწყობს ხელს.
ექიმების თქმით, დეჰიდრატაცია ორგანიზმს სტრესულ რეჟიმში გადაჰყავს, რაც დამატებით ტვირთს აყენებს გულსა და სისხლძარღვებს. ამიტომ ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება არტერიული წნევის და გულის ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფაქტორია.











