რა გავლენას ახდენს ტკბილეული ბავშვის ჯანმრთელობაზე

ბავშვებო

შაქრის შემცველი პროდუქტები ბავშვის ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.

ამერიკის გულის ასოციაციის (American Heart Association) რეკომენდაციის თანახმად, ორ წლამდე ასაკის ბავშვი საერთოდ არ უნდა იღებდეს შაქრის შემცველ პროდუქტებს, ხოლო ორიდან 18 წლამდე ასაკის ადამიანისთვის დღე-ღამის განმავლობაში მიღებული შაქრის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 გრამს (6 ჩაის კოვზი).

კვლევების საფუძველზე დადასტურებულია, რომ მცირე ასაკში შაქრის დიდი რაოდენობით მიღება მომავალში ხელს უწყობს სხეულის მასის ინდექსის ზრდას და ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებას.

მიჩნეულია, რომ შაქარი იწვევს მიჩვევას, ხოლო მისი ჭარბი მიღება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ჯანმრთელობის დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

ჭარბი წონა - შაქრით სავსე საკვებს აკლია ზრდა-განვითარებისთვის საჭირო კომპონენტები, ის ბავშვის ორგანიზმს არაჯანსაღ ნივთიერებებს აწვდის, რაც ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილებას იწვევს.

დიაბეტის მომატებული რისკი - შაქრის ჭარბი მიღებისას ორგანიზმში ინსულინის დონე იმატებს, რაც ტიპი 2 დიაბეტის განვითარების წინაპირობაა.

იმუნური სისტემის დასუსტება - ბავშვის განვითარების ფაზაში მყოფი ორგანიზმისთვის შაქრისა და რაფინირებული ნახშირწყლების ნორმაზე დიდი რაოდენობით მიღება ასუსტებს იმუნურ სისტემას. ის ვეღარ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, შესაბამისად ბავშვის ორგანიზმი უფრო მოწყვლადი ხდება ინფექციების მიმართ.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები - ორგანიზმში შაქრის დონის მატებისას იკლებს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა საჭმლის მომნელებელ სისტემაში. შედეგად ვითარდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

დაზიანებული კბილები - როდესაც ბავშვი ბევრ ტკბილეულს ჭამს, მისი პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიები შაქარს მჟავად გარდაქმნიან, რომელიც კბილის მინანქარს არბილებს. შედეგად კბილები ცვდება.

რეკომენდაციები

ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის საერთოდ არ არის რეკომენდებული შაქრის შემცველი პროდუქტები. ბავშვს ნელ-ნელა შესთავაზეთ ჯანსაღი ტკბილეული, უმჯობესია მიაწოდოთ ხილი. თუ ბავშვი უკვე მიჩვეულია ტკბილეულს, თანდათან უნდა გადააჩვიოთ.