მაგნიტური დღეები, ამინდის ცვლილება და დაავადებები - სპეციალისტების თქმით, ადამიანებში იმატებს არტერიული წნევა, ქსოვილებში მწვავდება ანთება და რესპირატორული დაავადებებიც

მაგნიტური ქარიშახალი

თერაპევტი, რეანიმატოლოგი, პროფესორი მარიკა თოიძე გადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია" ახალი კვლევის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რეალურადაა თუ არა კავშირში ამინდისა და სეზონების ცვალებადობა წნევის მერყეობასთან, სახსრების ტკივილთან და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან:

რაც შეეხება სიმპტომებს, წლების მანძილზე კარდიოლოგებისთვის, თერაპევტებისთვის, პულმონოლოგებისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შემოდგომა-გაზაფხულის სეზონზე, როდესაც ამინდის ლაბილობა იწყება, მწვავდება. ასევე, მენტალური პრობლემების მქონე პაციენტებთანაც მათმა ექიმებმა იცოდნენ, რომ ამ პერიოდისათვის ლაბილობა იყო მოსალოდნელი. თუმცა, სახსრების, კუნთების ტკივილი შედარებით უფრო ფართოდ გავრცელებული ჩივილი იყო. თითქოს, სეზონურობას მაინცდამაინც არ ექვემდებარებოდა. თუმცა, ამინდის ცვლილებასთან ერთად, გარდა იმისა, რომ არტერიული წნევის დიდი მერყეობაა, ასევე რესპირატორული დაავადებებიც მწვავდება, გარკვეულ წილად, რევმატოიდული დაავადებების გამწვავებაც ემთხვევა და ჩვენთვის, ექიმებისთვის, ძალიან კარგადაა ცნობილი, რომ, მაგალითად, შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში მკურნალობის შემცირება შეუძლებელია. იმიტომ, რომ ამ დროს რევმატოიდული დაავადებები მწვავდება. შესაბამისად, ამინდის მერყეობა სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობაზე გავლენას ნამდვილად ახდენს. ასევე, როდესაც ამინდი იცვლება, მაგნიტური ველი, ელექტრომაგნიტური ტალღები და ატმოსფერული წნევაც იცვლება. აღმოჩნდა, რომ ქსოვილები, სადაც ანთებაა, ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, უფრო მეტად რეაგირებენ იმიტომ, რომ ანთება, გარემო პირობების გათვალისწინებით, მწვავდება. ანთების გამწვავებით, ტკივილი იმატებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყველას, ვისაც ამინდთან დაკავშირებით სენსიტიურობა აწუხებს, არ ნიშნავს, რომ მას რაიმე დაავადება, ანთება აქვს. მაგრამ, სანამ არ მოხდება გამოკვლევა, გადაჭრით ვერ ვიტყვით. შესაძლებელია, რომ ამინდთან დაკავშირებული სახსრების ტკივილი რევმატოიდული პოლიართრიტის ძალიან ადრეული ნიშანი იყოს და წლების შემდეგ აღმოჩნდეს ეს პრობლემა. აქედან გამომდინარე, თუ ამინდთან ერთად პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა ეცვლება, კარგი იქნება, თუ გამოკვლევებს ჩაიტარებს, მინიმუმ, ანთების მარკერებს გადაამოწმებს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჯერჯერობით მეტეოპათიის, ანუ ახალი დიაგნოზის, კვლევის სათავეებში ვიმყოფებით და არ ვიცით, საბოლოოდ რა მონაცემებს მივიღებთ.