რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ფეხებში სიმძიმის შეგრძნების მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ჩივილს ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 40% ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც განიცდის.
მისი თქმით, ქვედა კიდურების ვენებს რთული ფუნქცია აკისრიათ — მათ სისხლი გრავიტაციის საწინააღმდეგოდ, ქვემოდან ზემოთ უნდა ამოძრაონ. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩონჩხის კუნთების შეკუმშვა, რომელიც ვენებში სისხლის მოძრაობას უწყობს ხელს. თუმცა, თუ ვენური სარქველები სათანადოდ არ იხურება, სისხლი უკან ბრუნდება და გუბდება, რაც იწვევს სიმძიმის, ტკივილისა და შეშუპების შეგრძნებას.
ექიმის განმარტებით, პრობლემა განსაკუთრებით ხშირია 50 წელს გადაცილებულ ქალებში. მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დონის შემცირება ვენების ფუნქციონირებაზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე, რისკ-ფაქტორებს შორისაა ჭარბი წონა, მწეველობა, ხანგრძლივი ფეხზე დგომა, ფიზიკური უმოქმედობა და გენეტიკური განწყობა. თამბაქოს კვამლში არსებული ნივთიერებები ვენების მუშაობას აფერხებს, ხოლო მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ყოველდღიური ტარება და მჭიდრო ტანსაცმელი სისხლის მიმოქცევას ართულებს და ვენურ უკმარისობას უწყობს ხელს.
რაც შეეხება პრობლემის მართვას, გიორგი ღოღობერიძე პირველ რიგში ფიზიკური აქტივობის გაზრდას ურჩევს მოსახლეობას. მისი თქმით, ყოველდღიური, მინიმუმ ნახევარსაათიანი სირბილი ან აქტიური მოძრაობა ვენების ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ხანგრძლივი დგომის შემთხვევაში რეკომენდებულია პერიოდული მოძრაობა — მაგალითად, ყოველ ნახევარ საათში მუხლის მოხრა-გაშლა ან ფეხის წვერებზე აწევა, რაც კანჭის კუნთების შეკუმშვას და სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს.
ექიმი ასევე გვირჩევს, მოვერიდოთ მჭიდრო სამოსს, საღამოს საათებში ფეხები ოდნავ მაღლა დავასვენოთ — მაგალითად, ბალიშზე დადებით — და ვიზრუნოთ წონის კონტროლზე. მისი თქმით, ცხოვრების წესის კორექცია ყველაზე ეფექტური გზაა ფეხებში სიმძიმის, ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად.