აქციის მონაწილეების ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს, ეს საკითხი არ დგას - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები არ აქვს.

„ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს. ჩამოხრჩობის საკითხი არ დგას“, – აღნიშნა არაღჩიმ Fox News-სთან ინტერვიუში.

ამასთან, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო აქციები სინამდვილეში ტერორისტული ოპერაციები იყო და არა უბრალოდ დემონსტრაციები.

„იყვნენ ტერორისტული ჯგუფები. მათ გამოიყენეს ისლამური სახელმწიფოს სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაუწყეს სროლა როგორც პოლიციელებს, ასევე ხალხს“, – განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტერორისტები ცდილობდნენ მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდას ერთი მიზნით – დონალდ ტრამპის კონფლიქტში ჩართვისთვის.

„პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ თუ მკვლელობები მოხდებოდა, ის ჩაერეოდა. მათ სურდათ მისი კონფლიქტში ჩათრევა. ეს იყო ზუსტად ისრაელის შეთქმულება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ, გაეზარდათ მსხვერპლთა რაოდენობა, დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ ასობითაა. ზუსტი მონაცემები ძალიან მალე, შესაძლოა, დღეს საღამოს გამოაცხადოს ჩვენმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.