ზვიად შალამბერიძე სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რასაც ისინი ცდილობენ მიიღონ, რეზოლუციად დარჩება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

 ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რასაც ისინი ცდილობენ მიიღონ, რეზოლუციად დარჩება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ინფორმაციას, რომ სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

„პერიოდულად ხან ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობენ კრიტიკული განცხადებებით საქართველოს მიმართ, ხან პოლონეთი. მათთვის არ კმარა მხოლოდ ორი ტელევიზია, ახლა „რუსთავი 2“-იც შეიტანეს სიაში. კიდევ გრძელდება შეტევა ქვეყნის მედიაზე და ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რასაც ისინი ცდილობენ მიიღონ, რეზოლუციად დარჩება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ცნობით, იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მათ მოიპოვეს, სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს. ისინი ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან და დოკუმენტის გაზიარებას ევროპარლამენტს სთხოვენ.

თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მიზეზად დეზინფორმაციის გავრცელებას და ცილისმწამებლურ კამპანიას ასახელებენ, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებზე ამჯერადაც არაფერია ნათქვამი.