ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მათ საბოლოოდ გეგმა ვერ შეიმუშავეს ვერანაირი, თუ როგორ შეიძლება იბრძოლონ და იყვნენ ოპოზიციაში „ქართულ ოცნებასთან“, ამ შემთხვევაში საქართველოსთან და ქაოსურად მოქმედებენ

ზვიად შალამბერიძე

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი, მათ საბოლოოდ გეგმა ვერ შეიმუშავეს ვერანაირი, თუ როგორ შეიძლება იბრძოლონ და იყვნენ ოპოზიციაში „ქართულ ოცნებასთან“, ამ შემთხვევაში საქართველოსთან და ქაოსურად მოქმედებენ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ისევე ქაოსურად მოქმედებენ მათი დამკვეთები საზღვარგარეთიდან, როგორ თვითონ ესენი ადგილზე.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ არის გარკვეული მოწოდებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან, რომ გარკვეულმა ძალებმა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რომ თვითმმართველობის არჩევნები ერთ-ერთი შესაძლებლობაა ოპოზიციურმა პარტიებმა განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. გარკვეული ძალები მოუწოდებენ, რომ არ არის მისაღები არჩევნებში მონაწილეობა და შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით ეუბნებიან, რომ იმუშაონ. მათ შორის, ბოიკოტის გარდა ის, რომ არჩევნების პროცესის საბოტაჟირება მოახდინონ. ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ ის მოჩვენებითი ერთიანობაც, რომელიც შარშანდელი არჩევნების წინ თითქოს მათ მიერ იყო შემუშავებული, დაიმსხვრა, ჩამოიმსხვრა და დღევანდელ დღეს „ქართულ ოცნებასთან“ ოპონირებაში უკვე ნაკლებად არიან, ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებულები. ეს არის ის მოჩვენებითი ერთიანობა და მოჩვენებითი ქვეყნისთვის ზრუნვა, რასაც, ფაქტობრივად, ჩვენი თანამოქალაქეები ადევნებენ თვალყურს. ეს არის სწორედ გამოწვეული იმით, რომ მათ აბსოლუტურად სხვადასხვა მიზანი ამოძრავებთ. მათ არ ამოძრავებთ ერთი მიზანი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის წარმატება და ჩვენი თანამოქალაქეების სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, თორემ ერთი მიზანი რომ ჰქონდეთ, მათი ერთიანობა იქნებოდა უფრო მყარი.

აქედან გამომდინარე, მათი უცხოელი აქტორებიც, ზოგი ერთი მიმართულებით ავალებს, ზოგი მეორე მიმართულებით და ეს საბოლოოდ იწვევს ქაოსს, რა ქაოსშიც ერთიანად არიან ოპოზიციური პარტიები მოქცეული“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.