ზვიად შალამბერიძე: 29 წელია ეუთო/ოდირი არსებობს და მხოლოდ 38-ჯერ აქვთ შესრულებული დამკვირვებლის მისია თვითმმართველობის არჩევნებში. ოპოზიციონერებს ვურჩევ ისაუბრონ ფაქტებით

ზვიად შალამბერიძე

29 წელია ეუთო/ოდირი არსებობს და შესაბამისად, 29 წლის განმავლობაში მათ მხოლოდ 38-ჯერ აქვთ შესრულებული დამკვირვებლის მისია თვითმმართველობის არჩევნებში, 38-ჯერ მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, რადიკალებისთვის არ არსებობს არანაირი მიზანი, მიზეზი იმის, რომ რეალურად აღიარონ როდისმე არჩევნები თუ ისინი მას არ მოიგებენ.

„როდესაც დღეს გამოდიან ოპოზიციონერები და ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა მსოფლიოში და ეუთო/ოდირი ყოველთვის აკვირდება თვითმმართველობის არჩევნებს და ა.შ. მათ ვურჩევ, რომ ფაქტებით ისაუბრონ, რაც ძალიან არ უყვართ ხოლმე იმიტომ, რომ ფაქტი ჯიუტია, ციფრები მეტყველებს ყველაფერს. შესაბამისად, ღიმილის მომგვრელია მეორე ფაქტიც, რომ შარშანდელ არჩევნებს დააკვირდა ეუთო/ოდირი, ძალიან კარგი დასკვნაც დაიწერა, აღიარა და უსურვა წარმატებები საქართველოს ახალ არჩეულ პარლამენტს, მთავრობას ეუთო/ოდირმა და რა თქმა უნდა, ისინი ამ დასკვნას არ ენდობიან, თავისთავად არ აღიარებენ. შესაბამისად, დღეს მოგვიწოდებენ, რომ ეუთო/ოდირი ჩამოვიდეს. გამოვა, რომ მოვიგებთ ისევ არჩევნებს და ისევ გამოვლენ და იტყვიან, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას არ ვენდობით იმიტომ, რომ რეალურად არჩევნები გაყალბდა და ცესკომ არალეგიტიმურად ჩაატარა, მთავრობამ და ა.შ. მათთვის არ არსებობს არანაირი მიზანი, მიზეზი იმის, რომ რეალურად აღიარონ როდისმე არჩევნები თუ ისინი მას არ მოიგებენ.

ასე, რომ ჩვენ ამას არასერიოზულად ვუყურებთ ნამდვილად იმიტომ, რომ ორმაგი სტანდარტით თამაშს ჩვენ არ ვაპირებთ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.