ზვიად შალამბერიძე 20 ივნისის საქმეზე: ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ჩვენს საზოგადოებას ეცოდინება სინამდვილე, მოხდა თუ არა ნამდვილად ძალის გადამეტება, ვის მიერ და რატომ იყო ეს დავალება გაცემული

ზვიად შალამბერიძე

თავისთავად, ვთვლი, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ჩვენს საზოგადოებას ეცოდინება სინამდვილე, მოხდა თუ არა ნამდვილად ძალის გადამეტება, ვის მიერ და რატომ იყო ეს დავალება გაცემული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ 20-21 ივნისის საკითხზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას.

„ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესია კონკრეტულად 20-21 ივნისის დღეებთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა წლების წინ და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ვალდებული, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. პირველ რიგში იმ კითხვებს, რომელიც რა თქმა უნდა, მოდის ჩვენი საზოგადოებისგან. აქედან გამომდინარე, დღეს დაწყებულია ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მიმდინარეობს ახლა რუსთაველზე და რომელზეც გარკვეული მიმართულებით დაზუსტებისთვის მივიღეთ მოთხოვნა ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოდან. რა თქმა უნდა, ყველა ის დეტალი, რომელიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთება გამოძიების პროცესში, საზოგადოებისთვის იქნება ნათელი. ისევე, როგორც ჩვენ ვნახეთ გარკვეული პერიოდის წინ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, რომ გარკვეული ახალი დეტალები კიდევ გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი, რომელიც უკვე დასკვნის სახით აისახება იმ ძალიან დიდ დოკუმენტში, რომელსაც საგამოძიებო კომისია დადებს და რომელიც, რა თქმა უნდა, გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. თავისთავად ყველა კითხვას ვთვლი, რომ გაეცემა პასუხი და ჩვენს საზოგადოებას ეცოდინება სინამდვილე, მოხდა თუ არა ნამდვილად ძალის გადამეტება, ვის მიერ და რატომ იყო ეს დავალება გაცემული და ა.შ.“,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ჩორჩანას და 20-21 ივნისის თემა ზუსტად პარალელურად მიმდინარეობს.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩორჩანას თემა დასრულდა, ასე ნამდვილად არ არის. საგამოძიებო მიმართულება ჯერჯერობით მუშაობს ამ საკითხზე და საბოლოო დასკვნა არ ყოფილა. მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებსაც, რომ ერთად დაველოდოთ გამოძიების დასრულებას ამ ორივე მიმართულებით და მერე გაირკვევა ვისი ბრალი იყო და იყო თუ არა გადაცდომა“, - აღნიშნა შალამბერიძემ.