ზარქუა: მგონი, მარტა კოსს ევროკომისიის დაფინანსებულ კვლევებს უმალავენ, სადაც წერია, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდით, ინსტიტუციების მიმართ ნდობით გამოირჩევა, იქნებ, მოიკითხოს

ზარქუა

მარტა კოსისთვის და მისნაირებისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ალბათ უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. ვინც უჯერებდა და იმ სიგიჟეში აჰყვა, რასაც უკრაინას ევრობიუროკრატები ჰკარნახობდნენ, მათ შორის, ამერიკიდან, ვნახეთ, რა შედეგამდე მივიდნენ. სახელმწიფო ტერიტორიებსა და ინტერესებს ისე ინაწილებენ, უკრაინელ ხალხს არც ეკითხებიან, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებს გაცდენილია.

„მგონი, მარტა კოსს მათივე კვლევებს უმალავენ. იქნებ, ევროკომისიაში მოიკითხოს კვლევები, სადაც წერია, რომ საქართველო გამოირჩევა მაღალი ეკონომიკური ზრდით, მდგრადი ეკონომიკით, ინსტიტუციების მიმართ ნდობით, სახელმწიფო სერვისების გამართულად მუშაობით, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობით. მივმართავ კოსს, ეს ყველაფერი ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული კვლევებით არის დადასტურებული და გიმალავენ? აბა, მოიკითხეთ. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ამ კორუმპირებული ევროკავშირის ბიუროკრატების განცხადება. იცით, რომ ახლახან დაიჭირეს მისი კოლეგა, მოგერინი. ამის შემდეგ, მათ ადგილზე საერთოდ გადადგებოდა ღირსეული, თავმოყვარე, ევროკავშირის „ლიდერშიფი“. ჩვენ და ჩვენისთანა სახელმწიფოებს, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს იცავენ, დაკვეთებს არ ასრულებენ, მაგათ დროს ევროკავშირში შესვლა ნამდვილად არ გვემუქრება. ფონ დერ ლაიენი სადაც არის ხელმძღვანელი, კოსები და რაისა „კომუნისტკები“ წამყვანი ფიგურები, გამორიცხულია. ეს ევროკავშირი არ არის, საერთოდ გადასცდა ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ვთქვით, რომ იმ სტანდარტებით, რაც არის მოთხოვნილი, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე წინ იქნება ევროკავშირში მისაღებად. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არც კოსი, არც ფონ დერ ლაიენი, მით უმეტეს, რუსეთის მოკავშირე კალასი, არ იქნებიან თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში ეროვნული ღირებულებების დაცვა დაიწყება, რაც თითოეული ქვეყნის მაიდენტიფიცირებელი ინტერესების დაცვას გულისხმობს. დღეს არეულია, აღრეულია და ამიტომაც ევროკავშირის ეკონომიკა 15%-მდე ჩამოვიდა. მაღალი ინფლაცია, უმუშევრობა, რეცესია აქვთ, მიგრანტების ქაოსი, უბედურება ტრიალებს. ეს იმდენად შემაწუხებელია, რომ უკვე ოკეანის გაღმიდან ეუბნებიან, თქვენი ინტერესები დაიცავითო. ასეთმა ხალხი ჩვენ რა რჩევა უნდა მოგვცეს, ან რა რჩევა უნდა მივიღოთ? კოსმაც და დანარჩენმა რაისა „კომუნისტკებმა“ თავისთვის შეინახონ რჩევები“, – განაცხადა ზარქუამ.