ყველა თავისუფალია, ვისაც უნდათ, დაეხმარონ, ვითხოვთ, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, საქართველოში შემოსული თანხა აურზაურის მოწყობაში არ იხარჯებოდეს - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ყველა თავისუფალია, ვისაც უნდათ, დაეხმარონ. ჩვენ ვითხოვთ, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, საქართველოში უცხოეთიდან შემოსული თანხა აურზაურის, შფოთვის მოწყობაში არ იხარჯებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ შვედეთის პრემიერისგან წერილი მიიღო.

„ეს წერილი არ მინახავს, მაგრამ ყველა თავისუფალია, ვისაც უნდათ, დაეხმარონ. ჩვენ ვითხოვთ, მათი გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს ცივილურ და დემოკრატიულ ჩარჩოებს. რაც მთავარია, ეს პროცესი გამჭვირვალე იყოს, რათა მათმა მოქალაქეებმაც ნახონ, ფული სად იხარჯება. სხვა მხრივ, მათ თანხებს სად დახარჯავენ და რა პრიორიტეტების მიხედვით გადაწყვეტენ საკუთარი თანხების დახარჯვას, ეს მათი გადასაწყვეტი და პასუხისმგებლობაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, საქართველოში უცხოეთიდან შემოსული თანხა აურზაურის, შფოთვის მოწყობაში არ იხარჯებოდეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შვედეთის პრემიერისგან მიიღო წერილი, რომელშიც გამოთქმულია წუხილი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„პასუხად, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა შვედეთის სააგენტოს, „სიდას“ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ. მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული გზის, დარჩეს როგორც დონორი, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ამ კუთხით ჩვენ ვაკვირდებით დღევანდელ კანონმდებლობასო, რომ გავიგოთ, რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.