1769540049
ყველა დაინახავს, რეალურად, სად არის შემცირების რესურსი, ვის, რა წვლილი შეიძლება ჰქონოდა ამ გაბერილ ფასებში... იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ეს პრობლემა აღარ იქნება - ლევან მახაშვილი ფასების რეგულირებაზე
მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო კომისია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. ეს იქნება რიგით მეხუთე სხდომა, მანამდე უკვე გაიმართა შეხვედრები ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებსა და მეწარმეებთან.
პარალელურად, მომდევნო კვირიდან იქმნება სპეციალური კომისია პარლამენტში, რომელიც ასევე იმუშავებს სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხზე.
პრემიერის ინიციატივაზე, სადაც პროდუქტებზე, წამლებსა და საწვავზე ფასების რეგულირებაზეა საუბარი, მმართველ გუნდში შეფასებები გრძელდება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ პროცესს პოზიტიურად უყურებს და არსებობს დიდი მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში გაზრდილი ფასები დაიწევს.
"ეს არის ინსტიტუციური პროცესი, რომელსაც გამოვიყენებთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ საზოგადოების ეს უპირობო და უმთავრესი დაკვეთა შევასრულოთ და ფასები დავწიოთ, სადაც ამის რესურსი და შესაძლებლობა იქნება. მე ამ პროცესს პოზიტიურად ვუყურებ, დადებითი მოლოდინები მაქვს ამ პროცესთან დაკავშირებით. საპარლამენტო ნაწილშიც დაიწყება ამ თემის კიდევ უფრო სიღრმისეული შესწავლა, სადაც საზოგადოებასაც ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან მათი პოზიციები, ანუ საპარლამენტო ფორმატი კიდევ უფრო მეტ გახსნილობას შესთავაზებს საზოგადოებას და ყველა დაინახავს, რეალურად, სად არის შემცირების რესურსი, ვის, რა წვლილი შეიძლება ჰქონოდა ამ გაბერილ ფასებში და ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს პრობლემა აღარ იქნება ისეთი სიმწვავით მოსახლეობის ზურგზე, როგორც არის დღეს," - აღნიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.











