ცნობილია, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა
1786702017
იმედი გვაქვს, გერმანიის ახალ ელჩს შესაბამისი ინსტრუქციები ექნება, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის იმუშაოს და არა პიტერ ფიშერივით ურთიერთობა გაამწვავოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ხელისუფლების ინტერესი გერმანიასთან ურთიერთობის ნორმალიზებაა.
„ერთადერთი ინტერესი გვაქვს, რომ გერმანიასთან ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, ვინაიდან ისტორიულად პოზიტიური იყო ჩვენი ურთიერთობები, არა მარტო პოლიტიკის, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, იქნებოდა ეს ეკონომიკა, კულტურა, განათლება თუ სხვა დარგები. ჩვენ არასდროს შეგვიცვლია დამოკიდებულება, საერთაშორისო დონეზე არ შეგვიცვლია პოლიტიკა. განცხადება, რომელიც ახლა მოვისმინეთ, თითქოს და საქართველოს პრობლემები აქვს გერმანიასთან – ვფიქრობთ, გერმანიაში ეს რეალობა კარგად გაანალიზდება, თუ საიდან მოდის ეს პრობლემები, რა არის ამ პრობლემების არსი. იმედი გვაქვს, რომ ამ ელჩსაც შესაბამისი ინსტრუქციები ექნება, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის იმუშაოს და არა პიტერ ფიშერივით ურთიერთობა გაამწვავოს და ისეთი ვითარება შექმნას, როდესაც გერმანიის საელჩო გარკვეული ექსტრემისტული ჯგუფების ხელშეწყობაში პირდაპირ იყო ჩართული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის საელჩომ ახალდანიშნული ელჩის, ბარბარა ფოსის პირველ კომენტარი გაავრცელა:
„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება“, – განაცხადა ფოსმა.