ვლადიმერ ბოჟაძე ევროპარლამენტის მოწოდებაზე: ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია ფინანსდება და იმართება ქვეყნის გარედან

ვლადიმერ

ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის. თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია ფინანსდება და იმართება ქვეყნის გარედან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპარლამენტის მოწოდებას ქართული ოპოზიციის მიმართ, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

მისი შეფასებით, ამ მოწოდებით ევროპარლამენტმა ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისთვის მწვანე შუქი აუნთო.

„ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს და ჩვენც ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა არ გააჩნია, მხარდაჭერასაც და დაფინანსებასაც ქვეყნის გარედან ელოდებოდა. აი, პირველი სიგნალი უკვე გამოჩნდა. მათ ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთეს, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მათ [ოპოზიციას] საკუთარ ამომრჩეველთან, რომელსაც უკვე 7 თვეა, ატყუებენ, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა, ექნებათ გასამართლებელი საბუთი, რომ აი, თურმე, ევროპარლამენტმაც კი მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, ან რა ფორმით მიიღებს, ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის. თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია ფინანსდება და იმართება ქვეყნის გარედან“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.

კერძოდ, ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.