ვინც განაცხადებს თანხმობას რუსულ სცენარში მონაწილეობაზე და გამოაცხადებს ივანიშვილთან კაპიტულაციას, სისტემური ცვლილებების შემდეგ ხალხის მიერ დავიწყებული იქნება - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

ვინც განაცხადებს თანხმობას რუსულ სცენარში მონაწილეობაზე და გამოაცხადებს ივანიშვილთან კაპიტულაციას, სისტემური ცვლილებების შემდეგ ხალხის მიერ დავიწყებული იქნება, – მის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე „ნაციონალურ მოძრაობამ“ პირველმა და ყველაზე მკაფიოდ დაადიქსირა პოზიცია.ნ

„იმ დღეებში, როდესაც ეს საკითხი წამოიჭრა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მკაფიოდ და პირველს ჰქონდა გაცხადებული პოზიცია, თუ სად ვიქნებოდით. სადაც ვართ, ესაა ქართველი ხალხის გვერდით დგომა, ესაა პოლიტიკური პატიმრების გვერდით დგომა, ესაა ეროვნული ინტერესების გვერდით დგომა და ივანიშვილის სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე უარის თქმა. ვინც განაცხადებს თანხმობას რუსულ სცენარში მონაწილეობაზე, ვინც გამოაცხადებს კაპიტულაციას ივანიშვილთან ის იქნება სისტემასთან ერთად გადასული მეორე ფლანგზე და დავიწყებული საერთოდ ქართველი ხალხის მიერ მას შემდეგ, რაც სისტემური ცვლილებები მოხდება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციისადმი ევროპარლამენტის მოწოდებაზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ არ არის ცალსახა მოწოდება, ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

„მთლიანი ტექსტი უნდა წავიკითხოთ და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად. გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ძალიან კარგად ვიცით, რა არის მათი პოზიცია. გარდა ამისა, კონტექსტი ხელმისაწვდომია და ადამიანებს შეუძლიათ წაიკითხონ, მიხვდებიან, რომ აქ არავინ არავის არაფერს არ აძალებს. მით უმეტეს, ასეთი ცალსახა მოწოდება, რომ ოპოზიციამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა არ არის, პირიქით, ჩვენი პარტნიორები საუბრობენ, რომ მნიშვნელოვანია ერთიანები ვიყოთ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს, მათ შორის როცა ვიღებთ ასეთ საკითხზე გადაწყვეტილებას. აქ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, თუ მკითხველი მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას არ წაიკითხავს, რომ ქვეყანაში თუ ვენეციის კომისიის დასკვნები არ იქნება გათვალისწინებული, თუ არ მიეცა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნების მონიტორინგის საშუალება, მაშინ ამ ქვეყანაში არანაირ პროცესს არ ექნება აზრი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ამასთან, ფავლენიშვილმა პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, რომ არ ითამაშონ ივანიშვილის თამაში და რეჟიმის ლეგიტიმაცია არ მოახდინონ.

„პოლიტიკურ სპექტრში არსებულ ძალებზე როცა ვსაუბრობთ, არიან კონკრეტული ძალები, რომელთაგან არ გვიკვირს, რომ ავითარებენ „ქოცურ“ ნარატივს და ეხმარებიან ივანიშვილს რეჟიმის შენარჩუნებაში. თუმცა, არიან ძალები, რომელთაგან ეს გვიკვირს და ასეთად ვიხილოთ. ამიტომ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ არ ითამაშოთ ივანიშვილის თამაში, არ მისცეთ მის რეჟიმს ლეგიტიმაცია, არ მიიღოთ რეჟიმის ნორმალიზებაში მონაწილეობა, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებაში მონაწილეობა. არ მიიღოთ მონაწილეობა ზოგადად იმ პროცესში, რომელიც აწყობს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს და არა იმ ქართველ ხალხს და პოლიტიკურ პატიმრებს, რომლებიც ივანიშვილს ამდენი თვეა, ასე აქტიურად უპირისპირდებიან, მათ შორის რუსთაველის გამზირზე“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.