ვინ არის სამი სენატორი, რომელიც "მეგობარი აქტის" მიღებას ეწინააღმდეგება

კონგრესი

მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენ პოლი ის სენატორები არიან, რომლებიც "მეგობარი აქტის" მიღებას ბლოკავენ - ინფორმაცია ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტმა, ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა. ირკვევა, რომ კონგრესში დაწყებულ პროცესს ზედა პალატაში სწორედ რესპუბლიკელები აფერხებენ.

ტრამპის პირადი კონტაქტი სენატში - ასე უწოდებენ მარკვეინ მალინის, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მეგობარი და ერთ-ერთი ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირია. დონალდ ტრამპი მას სენატის არჩევნებში ოფიციალურადაც უჭერდა მხარს. მალინი ერთგვარი შუამავალია თეთრ სახლსა და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის. მას განსაკუთრებული როლი აქვს საკანონმდებლო პრიორიტეტების წარმართვაში.

მაიკ ლი - ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა იურიდიულ საკითხებში. ის რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიული ფრთის მთავარი წევრია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრამპის მიერ შეთავაზებული კონსერვატიული მოსამართლეების მხარდაჭერაში.

რენდ პოლი კი სენატის შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო კომიტეტის თავმჯდომარეა. მისი დახმარებით, ტრამპმა არაერთ საკანონმდებლო ინიციატივას მოაწერა ხელი, რაც უცხოური ჩარევების საწინააღმდეგო პოზიციებს უკავშირდებოდა და ხშირად ეწინააღმდეგება საგარეო დახმარების გაფართოებასაც.

სწორედ ამ სამ სენატორს ასახელებს ჟურნალისტი "მეგობარი აქტის" დამაბრკოლებელ პირებად და სვამს კითხვას - რატომ დაიბლოკა პროექტი, მაშინ, როდესაც ის დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.

ჟურნალისტის კითხვას პასუხი უკვე მოჰყვა თბილისში მმართველი პარტიის მხრიდან, სადაც მიაჩნიათ, რომ "მეგობარი აქტი" ტრამპის წინამორბედის, ბაიდენის ადმინისტრაციის უსამართლო დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოვლინება იყო. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რესპუბლიკელი სენატორების პოზიცია აჩენს ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ ლობისტური მიზნების დეზინფორმაციული კანონპროექტი კანონად არ იქცევა.

"მეგობარი აქტი", რომელიც საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს, ჯო უილსონის ინიციატივაა. მას კონგრესის მხარდაჭერა უკვე აქვს. ქართული ოპოზიციური პარტიები უილსონს ბოლო პერიოდში ხშირადაც ხვდებოდნენ. ღიად ამბობდნენ, რომ მათი მიზანი დოკუმენტის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა და დაჩქარებული წესით სენატში საბოლოო მიღება იყო. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ აქტს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერა აკლდა, იმედს დღესაც არ კარგავენ.

რა პერსპექტივა ექნება უილსონის ინიციატივას - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამას მოვლენების განვითარება აჩვენებს, თუმცა, სენატორების პოზიცია მიანიშნებს, რომ დოკუმენტის მიღებამ შესაძლოა, დიდი ხნით გადაიწიოს. უმრავლესობის შეფასებით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შეცვლილი დამოკიდებულება და "მეგობარი აქტის" შეფერხება ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივას რეალურს ხდის.

"მეგობარი აქტი" სენატში ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა წარადგინეს, ხოლო კონგრესში - ჯო უილსონმა. სწორედ უილსონის შემომწირველ კომპანიასთან გააფორმა ლობისტური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ". ამერიკული ფარას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანია ნელსონ მალინსი წლების განმავლობაში აფინანსებდა ჯო უილსონის პოლიტიკურ აქტივობებს.