ვიკა ფილფანი: ვერცერთი მცდელობა ვერ დავინახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლურ სამყაროსთან დიალოგი სურდა, საკუთარი განცხადებების საპირისპიროდ იქცევიან

ვიკა ფილფანი

„ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლის განმავლობაში ისეთი კანონები მიიღო, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებასთან ფუნდამეტურ წინააღმდეგობაში მოდის, არღვევს ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.

ვიკა ფილფანი გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც დიპლომატი ამბობს, რომ „დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები შეიკრიბებიან, საქართველოს ფაილი დაიხურება“.

„სამწუხარო განცხადებაა, რადგან ეს ცუდი იქნება ჩვენი ქვეყანისთვის. ეს მოსალოდნელი იყო ყველა იმ ქმედების შემდეგ, რასაც „ქართული ოცნება“ 2021 წლის შემდეგ ახორციელებს. ირაკლი კობახიძემ თავად განაცხადა, მათ ევროინტეგრაციის გზა შეაჩერეს. ერთი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი კანონები მიიღო, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებასთან ფუნდამეტურ წინააღმდეგობასთან მოდის, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას. ქვეყანასა და გაერთიანებას შორის სტრატეგიული პარტნიორობა საერთო შეთანხმებებს ეფუძნება. ეს საერთო შეთანხმება თუ ირღვევა, ლოგიკური შედეგი დგება. რამდენიც არ უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“ ევროპა რაღაცებს გვაძალებს, ასე არ არის“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

მისი თქმით, ერთი წელია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ლანძღვენ და თავს ესხმიან ევროკავშირის წარმომადგენლებას, არ ასრულებენ არცერთ ნაკისრ ვალდებულებას.

„ევროკავშირის წარმომადგენლები ცხადად ამბობენ, რომ მზად არიან საქართველო გაერთიანებაში მიიღონ, თუ მოთხოვნები შესრულდება – არ დაირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და სასამართლო დამოუკიდებელი იქნება. რაც შეეხება დიალოგს, ერთი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერცერთი მცდელობა ვერ დავინახეთ, რომ მას დასავლურ სამყაროსთან რეალური დიალოგი სურდა. ამის მაგალითები არ არის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დიალოგი თუ სურდა, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ დიალოგი დაეწყო. რასაც ამბობენ, იმის საპირისპიროდ იქცევიან“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.