VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
ქართველმა ხალხმა „ნაცებს“ ერთხელ უკვე უთხრა მკაფიო არა და უკეთესი მომავლის იმედით შეცვალა ხელისუფლება, ამ ადამიანების დიდი ნაწილი კი ახლა სრულ იმედგაცრუებაშია, რადგან ერთი ძალადობრივი რეჟიმი მეორეთი ჩანაცვლდა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს ქვეყანაში არსებულ ყველა სოციალურ პრობლემაზე „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ისევ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრით ირიდებს.
„ოქტომბერში 13 წელი შესრულდა თარიღიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ამ 13 წლის განმავლობაში ერთ-ერთი დაპირება მრავალთაგან, რომელიც არც შესრულდა და არც შეიცვალა „ნაცების დასრულებაა“. ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს ქვეყანაში არსებულ ყველა სოციალურ პრობლემაზე „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ისევ „ნაცებზე“ საუბრით ირიდებს. „ქართული ოცნება“ ახორციელებს ფსიქოლოგიურ შანტაჟს საქართველოს მოქალაქეებზე, თავად აძლიერებს და კვებავს „ნაციონალურ მოძრაობას“ რათა შემდეგ ამით დააშინოს ამომრჩეველი.
თავად „ოცნება“ დაეხმარა „ნაცებს“ ფეიკ-რევოლუციის ორგანიზებაში, არჩევნებამდე თვეებით ადრე უთმობდნენ ეთერებს მათივე პროპაგანდისტულ რუსთავი 2-ზე, უძღვნიდნენ სიუჟეტებს მათივე პროპაგანდისტულ იმედზე და აშინებდნენ მათივე ამომრჩეველს, უკვე ანეკდოტად ქცეული ფრაზით – „ნაცები ბრუნდებიან“. „ნაცების“ ანეკდოტური პერსონაჟების ჩართულობით. ორბელიანების სასახლესთან დაპირისპირებამდე თვეებით ადრე საუბრობდნენ აქციის ორგანიზატორი „ნაცები“ იმაზე, რომ აპირებდნენ ხელისუფლების დამხობას, რევოლუციას, 4-ში დაწყებას და 4-ში დასრულებას. არცერთი მათგანი გამოკითხვაზეც კი არ დაგიბარებიათ.
ერთი წლის წინ თქვენ მიერ ნაქებ პრემიერს, რომელსაც მართლმადიდებლობისთვისაც უხდიდით მადლობას, თითქმის მთელი ოფიციალური ქონება ჩამოართვით, მაგრამ კეზერაშვილის ქოლცენტრებით ნაშოვნ ფულს არ შეხებიხართ, ამაზე გამოძიებაც კი არ დაგიწყიათ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად.
ახლა აპირებთ „ნაცები“ აკრძალვას, კოლექტიურ ნაცებად მოიხსენიებთ მათაც ვინც ნაცებისგან იდევნებოდა, თუმცა თქვენს რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც 2016 წელსაც „ნაცების“ შემომწირველები იყვნენ ან მათი მაჟორიტარობის კანდიდატები.
ვისი სასამართლოთი აპირებთ „ნაცების“ აკრძალვას, გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის? ვის გადაუგზავნეთ აკრძალვის სარჩელი, „ნაცების“ მოსამართლე ჩინჩალაძეს? ესაა თქვენი 13 წლიანი „ნაცებთან ბრძოლის“ ანატომია. თქვენ „ნაცებს“ კი არ ასრულებთ, „ნაცებით“ აპირებთ ძალაუფლების გახანგრძლივებას, ვიდრე მათი მტრის ხატი იმუშავებს.
არ გაქვთ უფლება მმართველობის მე-13 წელს ადამიანები აცხოვროთ გაჭირვებაში, უსამართლობაში და ძალადობაში. ქართველმა ხალხმა „ნაცებს“ ერთხელ უკვე უთხრა მკაფიო არა და უკეთესი მომავლის იმედით შეცვალა ხელისუფლება, ამ ადამიანების დიდი ნაწილი კი ახლა სრულ იმედგაცრუებაშია, რადგან ერთი ძალადობრივი რეჟიმი ჩანაცვლდა მეორეთი. ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ ეს სიყალბე უპასუხო არ უნდა დარჩეს. აქ ვართ იმიტომ, რომ ყველა ტყუილში გამხილოთ! სიმართლე რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის პარლამენტში უნდა ისმოდეს“, – განაცხადა ფილფანმა.