,,ვერ დავესწრებით ამ ღონისძიებას, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ" - ზურაბ რურუა "ევრონესტის" საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობაზე

ზურაბ რურუა

,,ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, უარი თქვას "ევრონესტის" საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობაზე, ამ დრომდე პოლიტიკური შეფასებების თემაა.

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის პატივისცემა აქვს, ანალოგიურად მოიქცეოდა.

"ევრონესტი," ზოგადად, არის პლატფორმა, რომელიც შექმნილი არ იყო ასეთი დამოკიდებულებისთვის, ორმაგი სტანდარტისთვის, რასაც ისინი დღეს აკეთებენ. რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ იქნა რეზოლუციაში შეტანილი, რომ თითქოს საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის. ვერ დავესწრებით ამ ღონისძიებას, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასეთ უსამართლობას, პირველ რიგში, ქართველი ხალხი არ გაატარებს.

მათი რეიტინგი 2%-ზე დაბალია, ყველა ევრობიუროკრატის და ამიტომ, ისინი ვერ მიუთითებენ ქართველ ხალხს და ჩვენს ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა განვითარდეს შიდა პროცესები ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.

აღნიშნული ნაბიჯის შესახებ მმართველი გუნდის სახელით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ორი დღის წინ გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტმა "ევრონესტის" პლატფორმა მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად გადააქცია, რის გამოც საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია "ევრონესტის" შემდგომ სესიებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.