საქართველოს ორმა მოქალაქემ კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენი მოკლეს
1762022765
ბოლო წლებში ოპოზიციური სპექტრის მიერ არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რამაც "ქართული ოცნების" რეჟიმის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. უკვე წლებია, რაც ოპოზიცია კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ახერხებს შეთანხმებას და რეჟიმთან სწორი ტაქტიკით ბრძოლას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.
ნინო ლომჯარიას თქმით, ეს გარემოება ძალიან დიდ დარტყმას აყენებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას.
"მინდა, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რა არის გასაკეთებელი და რა უნდა იყოს მომავლის გეგმა. ჯერ დავიწყებდი დაშვებული შეცდომებით. ბოლო წლებში ოპოზიციური სპექტრის მიერ არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რამაც "ქართული ოცნების" რეჟიმის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია მაქსიმუმ ორ ძლიერ ბანაკად უნდა გაერთიანებულიყო და არა 4-5 ალტერნატივად. ამ ცხადი საზოგადოებრივი დაკვეთის უგულვებელყოფამ გამოიწვია ის, რომ ფრაგმენტირებულმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა საარჩევნო უბნებზე ხმების უკეთ დაცვა, ხოლო, არჩევნების გაყალბების შემდგომ ფრუსტრირებულმა საზოგადოებამ წყენა და უნდობლობა ისევ ოპოზიციის მისამართით მიმართა.
ასევე, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რეჟიმის ამოცანა არ იყო არჩევნებში ოპოზიციას მიეღო ან არ მიეღო მონაწილეობა, რეჟიმის ამოცანა იყო – ოპოზიციის ნაწილს მიეღო და ნაწილს არ მიეღო მონაწილეობა. ფაქტია, ეს მიზანი ოპოზიციის ურთიერთდაპირისპირებული სტრატეგიის შედეგად მიღწეულ იქნა.
მე არ ვაპირებ გავარჩიო, ვინ მეტად იყო ამ ყველაფერში დამნაშავე და ვინ ნაკლებად, რადგან ამაზე დავა არაფრის მომტანია. მე უბრალოდ ვამტკიცებ, რომ უკვე წლებია, რაც ოპოზიცია კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ახერხებს შეთანხმებას და რეჟიმთან სწორი ტაქტიკით ბრძოლას.
ეს გარემოება ასევე ძალიან დიდ დარტყმას აყენებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას. დასავლეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ უპირობო და ერთსულოვანია, თუმცა, დასავლეთმა არ იცის, ვის ან რა პროცესებს დაუჭიროს მხარი, ვინაიდან არ არსებობს ერთიანი მოთხოვნები, ერთიანი სტრატეგია, ერთიანი გუნდი, რომელიც ქართველი ხალხის საპროტესტო, პროევროპულ ხმას გამოხატავს.
ახლა, რა არის, ჩემი აზრით, გამოსავალი. რა უნდა გაკეთდეს:
⁃ უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში, არა აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში მას სჭირდება მომზადება, რაც ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს! მომზადება გულისხმობს:
ა. წინააღმდეგობის იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობას, საზოგადოებრივი დაკვეთის გათვალისწინებით ერთიან სიას;
ბ. პოლიტიკური გუნდის ხედვების მომზადებას და საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციას – საზოგადოებისთვის ნათლად ახსნას, რა სიკეთეს მოიტანს მათთვის პოლიტიკური ცვლილებები, მათ შორის ხედვების წარმოდგენას გარდამავალი მართლმსაჯულების, სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთოების საკითხებზე;
გ. არჩევნებზე სანდო დამკვირვებლების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ მომზადებას.
⁃ ამასთან, უნდა შეწყდეს მოკავშირეების/პოტენციური მოკავშირეების მიმართ სიძულვილის გაღვივება, დაუსრულებელი ბრალდებები, თავდასხმები, კუდიანების და აგენტების იარლიყის მიკერება;
⁃ პარალელურად, პროტესტის გაგრძელება სასიცოცხლოდ აუცილებელია;
⁃ უნდა გაგრძელდეს უკანონოდ დაკავებულთა, უკანონოდ გათავისუფლებულთა და სხვაგვარად რეპრესირებულთა უფლებებისთვის ბრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო სასამართლოში;
⁃ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი მხოლოდ მშვიდობიანი წინააღმდეგობაა.
შედეგები:
– საზოგადოების საპროტესტო ენერგიის კონსოლოდაცია ერთიანი პოლიტიკური ხედვის და იდეის გარშემო.
⁃ აქტივისტებისთვის საკუთარი როლის და ადგილის პოვნა წინააღმდეგობის ორგანიზებულ ინიციატივაში;
⁃ ნიჰილიზმის ჩანაცვლება ქმედებით;
⁃ საზოგადოების როლის ზრდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში;
⁃ რეჟიმის მიმართ ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა, რის მიმართაც ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან", – წერს ლომჯარია.