,,უახლოეს პერიოდში შევა სარჩელი. იქნება ფაქტებით გამაგრებული, რომელიც 2004-დან 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში და სრული განუკითხაობა იყო" - გია ვოლსკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე

ვოლსკი

მმართველი გუნდი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უახლოეს მომავალში მიმართავს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტულ პირებს აეკრძალებათ პარტიული საქმიანობა, სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა. ასეთ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა აეკრძალებათ სხვა პარტიებსაც. ცვლილებები ერთდროულად შევიდა ოთხ კანონში. ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი დაჩქარებული წესით უყარა და ის კანონმდებლებმა გუშინ დაამტკიცეს.

"უახლოეს პერიოდში შევა სარჩელი. პარტიასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ორი აზრი არ არსებობს, რომ იქნება ფაქტებით გამაგრებული - ფაქტებით, რომელიც 2004-დან 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში და სრული განუკითხაობა იყო. როგორც სტრასბურგის სასამართლო აზუსტებს, ეს იყო სისტემური მართვის სტილი, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვეოდა. "ნაცმოძრაობა" პრინციპულად არ ცვლის პოზიციას და განაგრძობს იმ სცენარით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესის განვითარება. ყველაფერ ამას, რასაკვირველია, თავისი პროფესიონალური დასაბუთება ექნება," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი.