"თუ მაინცდამაინც მომღერალი უნდათ და სიმღერით აპირებენ ამას, მე ვფიქრობ, რომ მერაბ სეფაშვილს მოუწევს რეპერტუარის შეცვლა" - დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე

"რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" არ წარმოადგენენ" - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე საუბრობს.

მისი თქმით, კანდიდატები, რომელთა გვარებიც გაჟღერდა, ვერავითარ საარჩევნო წონას ვერ ფლობენ.

"რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" არ წარმოადგენენ. მათი სტრატეგიაა, რომ გაიყონ შუაზე, ნახევარმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და შიგნიდან მოახდინოს შემდეგ უკვე თუნდაც თითო წარმომადგენლობით საკრებულოებში არეულობა. ვფიქრობ, რომ კანდიდატები ვერავითარ საარჩევნო წონას ვერ ფლობენ. ელისაშვილმა თავის თავი თავად აქცია კომიკურ ფიგურად. რაც შეეხება მერაბ სეფაშვილს, მე ვფიქრობ, რომ ესეც მათი უნიათობის ბრალია, იმიტომ, რომ არა მგონია მათ ახლა ემღერებოდეთ. მაგრამ, თუ მაინცდამაინც მომღერალი უნდათ და სიმღერით აპირებენ ამას, მე ვფიქრობ, რომ მერაბ სეფაშვილს მოუწევს რეპერტუარის შეცვლა. თუკი აქამდე ის მიხეილ სააკაშვილს უმღეროდა, რომ მისი გმირი იყო და ასე უწოდა, ახლა ვფიქრობ, რომ ჯობია რეპერტუარი შეცვალოს და იმღეროს - გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.