წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება.

„ზოგადად, მუდმივი პროცესია მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ბევრი რამ გამოგვევლინა და გადაგველაგებინა. პრინციპულად, დაახლოებით წელიწადსა და ხუთ თვეში, გასული წლის ივნისისთვის დასრულდა პროცესების გადალაგება, როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა, საკადრო ცვლილებების განხორციელება. ამას დასჭირდა თავისი დრო, იყო პრობლემები, რომლებიც დავძლიეთ, ჩვენთვის მთავარი ეს არის. რაც შეეხება წარსულს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები, ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს, „საქართველოს რკინიგზა“ არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება, ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო, რომ მთლიანად გაესუფთავებინა პროცესები. მათ შორის, აქაც იყო უამრავი შუამავალი კომპანია, სამი შვილობილი კომპანია, ვერავინ ვერ გაიგო რა საჭირო იყო სამი შვილობილი კომპანია, სადაც დასაქმებული იყო უამრავი ადამიანი. მარტო საკადრო ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ მილიონობით ლარის დაზოგვა, დაახლოებით 20 მლნ ლარის დაზოგვა მარტო „საქართველოს რკინიგზაში“. 1 100 ჭარბი შტატი იყო, წარმოიდგინეთ, მარტო ერთ სახელმწიფო საწარმოში. ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, ვაგრძელებთ მუშაობას. წელიწად-ნახევარი კი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ არამარტო ზედა ეშელონებში, პრინციპულად ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება და საწარმო გავათავისუფლეთ კორუფციისგან. ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

✕