„წარმოდგენილი ბიუჯეტი ნამდვილად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს ქალაქში არსებობს და მორგებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე“ - ლევან არველაძე

ლევან არველაძე

„წარმოდგენილი ბიუჯეტი ნამდვილად პასუხობს იმ გამოწვევებს,  რომლებიც ჩვენს ქალაქში არსებობს და  მორგებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე“,  -  ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტზე განხილვისას განაცხადა.

ლევან არველაძის განცხადებით, ბიუჯეტის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 82 მილიონი ლარითაა განსაზღვრული და დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 99 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

„ბიუჯეტში ძალიან დიდი პროექტებია ასახული,  როგორებიცაა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ისტორიული პროექტის - ტრამვაის ხაზის - მშენებლობა დიდი დიღმიდან დიდუბის  მიმართულებით, ასევე გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების მშენებლობა, სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე შენობა-ნაგებობის

რეაბილიტაცია. ზოგადად, წარმოდგენილი ბიუჯეტი ნამდვილად პასუხობს იმ გამოწვევებს,  რომლებიც ჩვენს ქალაქში არსებობს და  მორგებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე.  ჩვენ კომისიებთან ერთად შევაჯერეთ რეკომენდაციები. დღეს თბილისის ბიუჯეტს დავაბრუნებთ  უკან და დარწმუნებული ვარ, დეკემბერში შემოვა კიდევ უფრო გაზრდილი ბიუჯეტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი მხრიდან იყო გაცემული“, -  განაცხადა ლევან არველაძემ.