1765919119
ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს „უკანონო რეჟიმი მოპარული ნავთობის საბადოებიდან ნავთობს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის იყენებს“.
როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, მრავალი მიზეზის გამო, ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
„ვენესუელა მთლიანად არის გარშემორტყმული სამხრეთ ამერიკის ისტორიაში შეკრებილი უდიდესი არმადით. სანამ ისინი აშშ-ს არ დაუბრუნებენ ყველა იმ ნავთობს, მიწას და სხვა აქტივებს, რომლებიც ადრე მოგვპარეს – ის კიდევ უფრო გაიზრდება და მათთვის ისეთი შოკი იქნება, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ. მადუროს უკანონო რეჟიმი ამ მოპარული ნავთობის საბადოებიდან ნავთობს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის იყენებს. ჩვენი აქტივების ქურდობისა და მრავალი სხვა მიზეზის გამო, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკებით კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის, ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ამიტომ, დღეს გავცემ ბრძანებას, ვენესუელაში შემავალი და გამომავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკადის შესახებ. კრიმინალები, რომლებიც მადუროს რეჟიმმა შეერთებულ შტატებში სუსტი და უუნარო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გაგზავნა, ვენესუელაში სწრაფი ტემპით ბრუნდება“, – წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ კრიმინალებმა, ტერორისტებმა ან სხვა ქვეყნებმა გაძარცვონ, დაემუქრონ ან ზიანი მიაყენონ ამერიკელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ასევე არ დაუშვებს, რომ „მტრულად განწყობილმა რეჟიმმა აშშ-ს ნავთობი, მიწა ან ნებისმიერი სხვა აქტივი წაართვას“.










