თორნიკე ჭეიშვილი: თვითმმართველობის არჩევნებში იქნებიან ახალი სახეები და იქნებიან ყველასთვის კარგად ცნობილი, გამოცდილი პოლიტიკოსები

თორნიკე ჭეიშვილი

თვითმმართველობის არჩევნებში იქნებიან ახალი სახეები და იქნებიან ყველასთვის კარგად ცნობილი, გამოცდილი პოლიტიკოსები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

„აქ უმთავრესი არის პატრიოტიზმი, კეთილსინდისიერება, არის ის იდეური და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს პოლიტიკურ კურსთან, ჩვენი პოლიტიკური გუნდის შესაბამის მიზნებთან, რომელიც საფუძვლად დაედო „ქართული ოცნების“ შექმნას თავის დროზე და რომელიც გულისხმობს იმას, რომ არავითარი კომპრომისი არ იქნება გამოჩენილი მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მშვიდობას, სტაბილური განვითარების ინტერესს, ეკონომიკური განვითარების ინტერესს და ამ სულისკვეთების ფონზე ხდება კანდიდატების შერჩევა.

დავაფიქსირებ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გზავნილს და გეტყვით, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენ გვექნება დამაჯერებელი გამარჯვება, როგორც მერებთან მიმართებით, ისე საკრებულოებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.