თორნიკე ჭეიშვილი ახალაიაზე: დღესაც ვერ მალავს იმ მიდრეკილებას, რომელიც გააჩნია დანაშაულებრივი საქმიანობისადმი

თორნიკე ჭეიშვილი

მაშინაც კი, როდესაც ის ბრალდებულის სტატუსით არის წარმოდგენილი, ფაქტობრივად, ამგვარი განცხადებებით ხელს აწერს იმ ბრალდებას, რომელიც მას წარედგინა პროკურატურის მხრიდან, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, ბაჩო ახალაიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ხელისუფლების დამხობაზე ისაუბრა.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ბაჩო ახალაია არის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი თანაავტორი და მისგან მსგავსი შინაარსის განცხადებები არავის უნდა გაუკვირდეს.

„ბაჩო ახალაია თავადაც იყო ერთ-ერთი თანაავტორი იმ სადისტური რეჟიმისა, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. ახლაც არ უნდა გაგვიკვირდეს მისი მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები, ის დღესაც ვერ მალავს იმ მიდრეკილებას, რომელიც გააჩნია დანაშაულებრივი საქმიანობისადმი. მაშინაც კი, როდესაც ის ბრალდებულის სტატუსით არის წარმოდგენილი, ფაქტობრივად, ამგვარი განცხადებებით ხელს აწერს იმ ბრალდებას, რომელიც მას წარედგინა პროკურატურის მხრიდან“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე ხელისუფლების დამხობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ეს უნდა მოხდეს სწრაფად და ნებისმიერი გზით.