1775651796
ტომაშ ფროელიხი: ის ფაქტი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილს კვლავ მოიხსენიებს ქვეყნის მეთაურად, ნამდვილად არ არის დამთხვევა. ეს არის პროვოკაცია
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებულ ინფორმაციას ევროპარლამენტი ტომაშ ფროელიხი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული არის არა დამთხვევა, არამედ პროვოკაცია. ფროელიხი გერმანიის საგარეო უწყებას საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„ის ფაქტი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილს კვლავ მოიხსენიებს ქვეყნის მეთაურად საკუთარ ვებ-გვერდზე, ნამდვილად არ არის დამთხვევა და არც გამორჩენა. ეს არის პროვოკაცია. ეს სწორედ ის საქციელია, რომელსაც ველით ბრიუსელისა და ბერლინისგან. გერმანიის ელჩი მუდმივად ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, ვიხსენებ ევროპარლამენტის უამრავ რეზოლუციას, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული და ვფიქრობ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე სტრასბურგში. გერმანიამ და ევროკავშირმა უნდა შეწყვიტონ ეს პროვოკაციები, იმიტომ, რომ ეს არის თავდასხმა საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტზე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის კარგი ურთიერთობების საფუძველი და ეს ასევე ნიშნავს მიხეილ ყაველაშვილის ქვეყნის მეთაურად აღიარებას, რადგან ის კონსტიტუციის მიხედვით აირჩიეს. შეიძლება მოგწონდეს ეს ან - არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამას პატივი უნდა სცე“, - განაცხადა ფროელიხმა.
მანამდე პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. მაკა ბოჭორიშვილის პასუხიდან კი ირკვევა, რომ გაგზავნილია ნოტა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემები გაახლებული აქვს მაგალითად რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.










