თენგიზ შარმანაშვილი: ყველაფერი ორკესტრირებულია, ნახეთ, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ვინ და რასთან მიმართებით დაუჭირა მხარი, ადვილად აღმოაჩენთ, ყველაფერი ერთი დიდი სცენარის ნაწილებია

თენგიზ შარმანაშვილი

ეს ყველაფერი ორკესტრირებულია. ნახეთ, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ვინ და რასთან მიმართებაში დაუჭირა მხარი. ადვილად აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი სცენარის ნაწილებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ბრალდებაში სიტყვებიც კი არ შეუცვლიათ.

„სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლომჯარია-გვარამიასთან ერთად ერთ გუნდში აღმოჩნდა, რომელიც წარმოუდგენელ სისულელეს ამტკიცებს. ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მოტივაციაა, საკუთარი კორუფციული საკითხები გადაფაროს. ვინ დაიჯერებს, რომ ის ნათელი წერტილი იყო და ვიღაცა მის გაშავებას ცდილობს? ჩხრეკა ხომ ნამდვილად ჩატარდა მის სახლში? მილიონები ხომ ნამდვილად იპოვეს? ის დრო აღარ არის, ვიღაცამ ამტკიცოს, იარაღი ან ნარკოტიკი „ჩაუდეს“. ამდენი მილიონის „ჩადება“ არ ხდება და ამას არავინ დაიჯერებს. ძვირფასი ნივთები რაც იპოვეს? ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ყველაფერი რაღაცით იყო გადასაფარი. როგორც ჩანს, ე.წ. ოპოზიციისა და მისი რაღაც ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. უკვე შემიძლია, ეჭვი აღარ შემეპაროს, რომ ამ წრეებთან დაკავშირებული ირაკლი ღარიბაშვილიც იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე ორკესტრირებულად და ორგანიზებულსდ მხარს არავინ დაუჭერდა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კითხვაზე, ეჭვი გაქვთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გარე ინტერესებს ატარებს, თენგიზ შარმაანშვილი პასუხობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საეჭვოა, ერთი და იმავე ფრაზეოლოგიით საუბრობდე დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ლომჯარია-გვარამიასთან ერთად.

„ეს შემთხვევით რომ არ მოხდებოდა, ფაქტია. ამას ვუყურებთ. თან, ამ ადამიანების კონსოლიდაცია განსხვავებულ საკითხებზე კი არ ხდება, ერთსა და იმავე საკითხებზე ერთი და იმავე ფრაზეოლოგიით საუბრობენ. გასაგებია, რომ „ჩაშლა“ ერთი ცენტრიდან მოუვიდათ და ახლა ხმაურობენ. ამას ისიც ემატება, რომ ღარიბაშვილს ამ საკითხების გადაფარვის პირადი ინტერესებიც აქვს. ეს ყველაფერი თავმოყრილი „გამოაგდეს“, ვითომ, ჩვენს სამსჯელოდ, მაგრამ ამომრჩეველი კარგად მიხვდება, რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა თენგიზ შარამანაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, შეიძლება, ირაკლი ღარიბაშვილი გარე ძალების მიერ იყოს მართული, „ქართული ოცნების“ წევრი პასუხობს: „შეიძლება. თავისი ქმედებით ამის ფიქრის საშუალებას გვაძლევს, აბა, რანაირად შეიძლება, აღმოჩნდე ლომჯარიასთან და გვარამიასთან ერთად ერთ ნავში, ერთი და იმავე ფრაზეოლოგიით?“.