თენგიზ შარმანაშვილი: მთავარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაა, ჩვენი ოპონენტების ოჯახების უსაფრთხოებაც, რომ მათ თავზე ცეცხლის წვიმა არ იყოს, როგორც ნატრობდნენ

თენგიზ შარმანაშვილი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ისეთ ავანტიურისტულ ქმედებებში არ ჩაერთოს, რაც ქვეყანას ზიანს მოუტანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, საქართველო ბეწვის ხიდზე გადის.

„საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა აქვს. ხანდახან, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვიღაცებს უკვირთ ხოლმე, მაგრამ მთავარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაა, ჩვენი ოპონენტების ოჯახების უსაფრთხოებაც კი, რომ მათ თავზე ცეცხლის წვიმა არ იყოს, როგორც ნატრობდნენ.

რაღაცას რომ გავაკეთებთ ხოლმე, ოპონენტები ერთ ამბავს ატეხენ, მაგრამ შემდეგ ნახავენ, რომ მსგავსს ჩვენი მეზობლებიც იმეორებენ, იმავე ფორმით, რადგან მათი ამოცანაც მშვიდობის უზრუნველყოფაა. შემდეგ გაჩუმდებიან ხოლმე. ჩვენი ახირება კი არ არის, ყველას მიზანია, რომ მისი ქვეყანა დაიცვას. ყველა ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ყველაფერს ცეცხლი უკიდია და საქართველო ბეწვის ხიდზე გადის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ისეთ ავანტიურისტულ ქმედებებში არ ჩაერთოს, რაც ქვეყანას ზიანს მოუტანს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.