თეა ახვლედიანის თავმჯდომარეობით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა

თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი თავმჯდომარეობდა.

თეა ახვლედიანმა სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და  სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის  შუალედური შეფასების პირველადი შედეგები წარუდგინა ორი პრიორიტეტული მიმართულებით: სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა განხორციელებული პოლიტიკის შედეგებზე.  მისი  განცხადებით, შუალედური შეფასება მიზნად ისახავს 2024 წლის ჩათვლით, სტრატეგიის განხორციელების ეფექტიანობის, მიღწევებისა და პროგრესის დინამიკის, ასევე სამიზნე სეგმენტზე ზეგავლენის შესწავლას და ანალიზს.

„დღევანდელ სხდომაზე სამუშაო რეჟიმში განვიხილეთ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით მოქმედი სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგიის შუალედური შეფასების პირველადი შედეგები, რაც მოიცავს 2024 წლის ჩათვლით წარმართულ საქმიანობას. გამოვლინდა, რომ არსებითად გაუმჯობესებულია ჩვენს არაქართულენოვან მოსახლეობაში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ისევე, როგორც გაზრდილია ქართული ენის შესწავლის მოტივაცია და ცოდნის დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მიღწეული პროგრესის და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე, ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და მზაობა განვავითაროთ შემდგომი მიზანმიმართული ქმედებები, რათა კოორდინირებული და თანმიმდევრული ძალისხმევით, სრულყოფილად შევძლოთ 2030 წლისთვის დასახული ყველა სტრატეგიული მიზნის მიღწევა. ამ მიმართულებით კომისია განაგრძობს თავის მუშაობას და შესაბამისად, ანგარიში შეფასების პროცესის დასრულებისთანავე ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა  შეფასების პროცესის დასკვნითი ეტაპის წარმართვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

გაიმართა დისკუსია მიღწევების, სტრატეგიის განხორციელების პროცესში გამოვლენილი ტენდენციებისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების შესახებ.

სხდომას ესწრებოდნენ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მუდმივი და მოწვეული წევრები, ასევე კომისიის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სტრატეგიის განხორციელებისა და შეფასების პროცესში.

შეფასება განხორციელდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და კოორდინაციით, სსიპ - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად.