თბილისში, საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, სარკინიგზო უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 18 სახელმწიფოს 80-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა

სარკინიგზო უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 18 სახელმწიფოს 80-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა

საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, თბილისში, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში UN ESCAP-ისა და OSJD-ის წევრი 18 სახელმწიფოს 80-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, სარკინიგზო კომპანიებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSJD) და გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) ეგიდით გაიმართა.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ღონისძიებაზე მონაწილეებმა სარკინიგზო სფეროში მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების იმპლემენტაციაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სახელმწიფო მარეგულირებელ უწყებებსა და სარკინიგზო კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების მონაწილეებს შორის ელექტრონული მონაცემების ურთიერთგაცვლისა და ამ ტიპის გადაზიდვების შემდგომ დიჯიტალიზაციის, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდისა და შესაბამისი პროცედურების გამარტივების საკითხებს.

დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საბაჟო პროცედურების განხორციელების მიმართულებით, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს.