გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.
შეხვედრაზე კახა კალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მილანი მისთვის მშობლიური ქალაქია, სადაც არაერთი წელი იცხოვრა და სურვილი გამოთქვა ყველა იმ რესურსის გამოყენების, რაც თბილისსა და მილანს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე იტალიაში, ჩემთვის მშობლიურ ქალაქ მილანში. ჩვენს ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი რესურსი არსებობს, მათ შორის: კულტურის, ტურიზმის, გამწვანება-ურბანული დაგეგმარების, ნარჩენების მართვის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებით. მე, როგორც თბილისის მერი, მზად ვარ ყველანაირად შევუწყო ხელი ურთიერთობების გაღრმავებას. ლომბარდიის რეგიონს უდიდესი როლი აქვს იტალიის ეკონომიკის განვითარებაში. მინდა, მოგიწვიოთ თბილისში, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან ერთად. ბიზნესისთვის თბილისი და ზოგადად საქართველო ძალიან ხელსაყრელი და საინტერესო ქვეყანაა. ასე რომ, ვფიქრობ ამ კუთხითაც თანამშრომლობა ძალიან წაადგება ორივე ქვეყანას,“- აღნიშნა კახა კალაძემ.
ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა, ატილიო ფონტანამ მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად, მალე თბილისს ეწვევა.
„ძალიან მოხარულები ვართ თბილისის მერთან დღევანდელი შეხვედრის. გვახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა საქართველოს საკონსულო, რომელთანაც უკვე გვაქვს საქმიანი ურთიერთობები. როგორც იცით, ლომბარდიის რეგიონი არა მხოლოდ იტალიაში, ევროპის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის განვითარების მაღალი დონით. შესაბამისად, გვაქვს სურვილი გავაღრმაოთ ურთიერთობა საქართველოსთან, თბილისთან. დღეს თბილისის მერისგან მივიღეთ შემოთავაზება, ვიმუშაოთ ლომბარდიის რეგიონიდან ბიზნეს დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში. მნიშვნელოვანია წინასწარ შეთანხმდეს მხარეებისთვის საინტერესო საკითხები, რათა ეს ვიზიტი იყოს ნაყოფიერი. ასე რომ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვიმუშაოთ ამ საკითხზე,“- განაცხადა ატილიო ფონტანამ.
დღევანდელ შეხვედრას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.