„ჯერ მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი ქვეითს...“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ავარიაზე
1750354824
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110−112 კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, განხორციელდა უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი, რის შემდეგაც შესაბამისი სამუშაოები დაიწყო. უკვე დამონტაჟებულია გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები.
„გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, N110−112 კორპუსებთან არსებულ ტერიტორიას უტარდება სრული რეაბილიტაცია. განხორციელდა უსახური ფარეხების დემონტაჟი, რისთვისაც მინდა, ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. თავადაც ნახავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საუბნო სივრცეების არსებობა, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის გამოიყოფა შესაბამისი ზონა და განთავსდება ატრაქციონები. დაირგვება ხე-მცენარეებიც. ერთი ჰექტარი ტერიტორიაა და სამუშაოებს სექტემბრისთვის დავასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 173 333 ლარი დაიხარჯება.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე.