თაზო დათუნაშვილი: ბრალდების ყველა სიტყვა, რომელიც მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ტყუილი, ეს არის მიზანმიმართული დევნა პარტიის ლიდერების წინააღმდეგ

თაზო დათუნაშვილი

ვხედავთ პროკურატურის აბსურდს, პირდაპირ ზღაპარს, ბრალდების ყველა სიტყვა, რომელიც მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, სიცრუე და თითიდან გამოწოვილი ტყუილი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა პარტიის ლიდერების წინააღმდეგ.

„მცდელობაა, რომ მთლიანად გააქრონ პოლიტიკური სპექტრი და სრულად მოკლან ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი. ჩვენ ვხედავთ პროკურატურის აბსურდს, ზღაპარს. ბრალდების ყველა სიტყვა, რომელიც მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, სიცრუე და თითიდან გამოწოვილი სრული ტყუილი. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული, რომელსაც რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს. ივანიშვილი ამოცანაა, კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ამით გაანეიტრალოს ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ვართ ჩართული რეჟიმის წინააღმდეგ. რუსულმა ოცნებამ პოლიტიკური პროცესის მოსპობა ვერაფრით ვერ მოახერხა, სავარაუდოდ, არც იმ აბსურდის სჯერათ, რასაც ჰქვია პარტიების გაუქმების პროცედურა და გადაწყვიტა, დაატუსაღოს და ციხეში ჩასვას მთლიანად პოლიტიკა. ვერცერთი ბრალდება ვერ გააჩერებს ჩვენს პოლიტიკურ და სამართლებრივ წინააღმდეგობას ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. „ლელო – ძლიერი საქართველო“ იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ყველა კონსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური გზით, რომ რუსული 200-წლიანი ბატონობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.