თავისივე ხელით, ძირს უთხრიან იმ რეალურად ევროპულ ფასეულობებს, რომელზეც იდგა ევროპა - ირაკლი კირცხალია ევროკავშირის ელჩის ოფისიდან ცეცხლაძისთვის ციხეში გაგზავნილ წერილზე

ირაკლი კირცხალია

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა წერილი, რომელიც პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ ციხეში, ევროკავშირის ელჩის ოფისიდან მიიღო.

"ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის ელჩის მხრიდან რადიკალიზმის წახალისებაზე საუბრობენ და დიპლომატებს ახსენებენ, რომ ზვიად ცეცხლაძე, თბილისში, "მაიდანის" სცენარის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

"გახსოვთ თქვენ, "გამჭვირვალობის კანონის" მიღების დროს, რა პროცესები განვითარდა რუსთაველის გამზირზე. ვნახეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა, შემდეგ, ვინც ამ განცხადებას აკეთებს, მათი წარმომადგენლების მხრიდან ამ ყველაფრის რომანტიზება. არა მხოლოდ დუმილი და შეფასება, არამედ პირიქით, წახალისება. ვნახეთ მათივე დაფინანსებით დამზადებული ბანერები - "მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი" და ლაზარე გრიგორიადისის გმირად შერაცხვის მცდელობა. ასეთი შეურაცხყოფა მოგვაყენეს ქართველებს, ამ განცხადების გამკეთებლებმა და მათ მიერ ხელდასმულმა ე.წ. დიპლომატებმა. შემდეგ, პოლიციელებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ მცდელობა ჰქონდათ ეს შენობა [პარლამენტი] დაეწვათ, მცდელობა ჰქონდათ დაეწვათ პოლიციელები. ერთ განცხადებასაც არ აკეთებდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, ყველა ის ექსტრემისტს, რომელიც აქ ჩართული იყო, ისინი გმირად ნათლავდნენ. ეს არის ის უსტანდარტობა და ეს არის სწორედ ის დიდი უტიფრობა, დიდი შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც ისინი ახორციელებენ. თითოეული მათ ქმედება, თითოეული მათი მსგავსი განცხადება მეტყველებს ერთადერთზე - ისინი თავისივე ხელით ძირს უთხრიან იმ რეალურად ევროპულ ფასეულობებს, რომელზეც იდგა ევროპა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.