თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები განიხილა

 თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები განიხილა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს.

კანონპროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებების მიღება ბიომეტრიული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტის ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას, მის დაცულობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„ცვლილებების პროექტის მომზადება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული ელექტრონული დოკუმენტის საბეჭდი ტექნიკისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიის განახლების აუცილებლობამ განაპირობა, რადგან დღეისათვის არსებული ტექნიკური უზრუნველყოფა თანამედროვე გამოწვევებს და საერთაშორისო მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.

კანონპროექტის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს მიეცემა უფლება არსებული რეჟიმით განახორციელონ ადგილობრივი მოსახლეობისათვის და სასაზღვრო სექტორისათვის ხე-ტყით უზრუნველყოფა 2027 წლის პირველ იანვრამდე.

კანონპროექტი პარლამენტში გამარტივებული წესით განიხილება.

კომიტეტის წევრებმა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.