1749042430
თამარ კეკელიძე ჰყვებოდა, რამდენად შეურაცხყოფილი იყო იმით, რომ გათავისუფლების შესახებ სალაროსთან შეიტყო, იმ ღამეს გახდა ცუდად და გარდაიცვალა, ეს მოხდა 2005 წელს - ლია მელიქიშვილი

თამარ კეკელიძე ჰყვებოდა, რამდენად შეურაცხყოფილი იყო იმით, რომ გათავისუფლების შესახებ სალაროსთან შეიტყო, იმ ღამეს გახდა ცუდად და გარდაიცვალა, ეს მოხდა 2005 წელს, – „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა განაცხადა.
მელიქიშვილმა კომისიის სხდომაზე საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საკითხზე ისაუბრა.
თამარ კეკელიძე იყო საკმაოდ პატრიოტი ადამიანი, თავისი ბუნებით იყო ემოციური. ძალიან კარგად იცოდა საქართველოს ისტორია, რადგან სპეციალისტი იყო. მუშაობდა ჩვენთან, ისტორიის ინსტიტუტში. რამდენიმე ხნის შემდეგ, ოთარ ჯაფარიძემ სთხოვა, გადასულიყო უნივერსიტეტში და არქეოლოგიაში ჩაეტარებინა სემინარები. თამარი მართლაც გადავიდა და იქ მოღვაწეობდა. ისე უყვარდა ისტორია, რომ არა მარტო სტუდენტებს, არამედ ვინც შეხვდებოდა, მეზობელი იქნებოდა, თუ მეგობრის შვილი, ყველას დიდი რუდუნებით ასწავლიდა საქართველოს ისტორიას. როდესაც ჩვენს ქვეყანაში დამძიმდა მდგომარეობა, თამარი ამას განსაკუთრებულად განიცდიდა, რადგან უყვარდა ისტორია. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი პროექტები მოპოვებული და თამარი ჩვენთან ერთად მუშაობდა.
ისტორიის ინსტიტუტში, ჩემს პროექტში მუშაობდა საკმაოდ მაღალ დონეზე. წიგნიც გამოვეცით თამარის ცალკე. მუშაობდა პანკისის ხეობაშიც, სადაც ძალიან რთული სიტუაცია იყო და ვერავინ შედიოდა. მარტო ჩემი ექსპედიცია შევიდა ქალები და ნოდარ სარჯველაძე ფსიქოლოგი, რომელიც ტრენინგებს ატარებდა ბავშვებთან. თამარმა კარგად იცოდა ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობდა. გარდა ამისა, კულტურის მეშვეობით ჩვენი გუნდი სახელმწიფოს განვითარებას ვსწავლობდით. ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რამდენიმე ხნის შემდეგ სად მივიდოდით. როცა დაიწყო ეს პროცესი, ძალიან კარგად ჩანდა, რომ ავტორიტარიზმი მყარდებოდა ქვეყანაში. თამარმაც იცოდა და მთელმა ჩემმა გუნდმა, რომ ჩვენ თუ ამას არ ავცდებოდით, ძალიან ცუდი შედეგები იქნებოდა.
თამარი არაფერს უშინდებოდა, ყველას აძლევდა ინტერვიუს. როდესაც უნივერსიტეტში რყევა დაიწყო, კათედრების ნიველირება, როცა ეგრეთ წოდებული ლომაიას რეფორმა ჩატარდა, ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს, ამაზე ვსაუბრობდით და ძალიან აღშფოთებული ვიყავით. დაიწყო კათედრების ნიველირება. მახსოვს, როგორ გამოცხადდა, რომ უნივერსიტეტებში უნდა იყოს შემცირება, ჩვენთანაც იყო შემცირება. გაიგებთ, ვინ არის შემცირებული, როცა მიხვალთ სალაროსთანო. თამარმა მითხრა, გაგიგია ასეთი საშინელება, რომ სალაროსთან მივიდე და იქ მითხრან, გათავისუფლებული ხარო? ამ პერიოდში თამარი მუშაობდა ჩემს პროექტში და პანკისის ხეობაზე აკეთებდა წიგნს. ასეც მოხდა. ხელფასის დღეს თამარი მივიდა და მოლარემ უთხრა, სამწუხაროდ, სიაში არ ხარო. თამარს ხმა არ ამოუღია, ვერც ვერავის დაელაპარაკა, წავიდა სახლში. მთელი ღამე ჩვენს მეგობარს ესაუბრა, ჰყვებოდა, რამდენად შეურაცხყოფილი იყო იმით, რაც მოხდა, ამბობდა, ჩემს თავს არ ვდარდობ, უნივერსიტეტზე მწყდება გული და საერთოდ საქართველოზე, რა ხდება ეს, როგორ არ აფასებენ ადამიანებსო. იმ საღამოს საუბარი რომ დაამთავრა, გახდა ცუდად. თამარი იყო კუზანოვების მეზობელი, მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს, ის გარდაიცვალა გულით. თამარი არასდროს ავად არ ყოფილა, ჯანმრთელი ადამიანი იყო, მაგრამ ამან მოუსწრაფა სიცოცხლე. ჩვენი ინსტიტუტიდან საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერები როდესაც გაათავისუფლეს, ერთმანეთის მიყოლებით ყველა გარდაიცვალა, ვერ ვასწრებდით პანაშვიდზე მისვლას. ერთ-ერთმა უცხოელმა ფსიქოლოგმა ამიხსნა, რომ ძალიან მძიმეა, როცა მთელი ცხოვრება რაღაცას ემსახურები და შემდეგ შეურაცხყოფილი მიდიხარ, ფაქტობრივად, გაგდებენო. ამიტომ მოხდა ეს თქვენთანო“, – განაცხადა ლია მელიქიშვილმა.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მელიქიშვილს ჰკითხა, როდის მოხდა თამარ კეკელიძის სალაროსთან მისვლა, რაზეც ლია მელიქიშვილმა უპასუხა: „ხუთ ივლისს, 2005 წელი იყო“.