1776887309
სულხან თამაზაშვილი: მჯერა, რომ აჭარაში დაწყებული პროექტები და ინიციატივები აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება
სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, პარტია „ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ერთობლივი და დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები სწორედ ამ ადამიანების პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და მაღალი პასუხისმგებლობის დამსახურებაა.
„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო აჭარის მთავრობის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, პარტია „ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, იმ ერთობლივი და დაუღალავი შრომისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონის განვითარებას ემსახურება.
გასული ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები სწორედ ამ ადამიანების პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და მაღალი პასუხისმგებლობის დამსახურებაა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ვტოვებ, მაგრამ მჯერა, რომ დაწყებული პროექტები და ინიციატივები, რომლებიც ეკონომიკურ წინსვლასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება,” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის.
მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.
,,განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელთან ერთად გავაგრძელებ“ - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.












