სისხლის სამართლის კოდექსი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს, სად არის აქ პოლიტიკური დევნა? - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ დევნაზე ვერ იქნება საუბარი.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები დაკავებული არიან არა განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო, არამედ სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის.

„პიროვნება სისხლის სამართლის დანაშაულს როცა ჩაიდენს, პასუხს აგებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პოლიტიკოსი. მამუკა ხაზარაძის და დანარჩენების ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არსებობს. თან, მათ საჯაროდ აქვთ აღიარებული, რომ არ გამოცხადდნენ კომისიაზე და შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის სასჯელს. სად არის აქ პოლიტიკური დევნა? ამ ხალხმა პოლიტიკური დევნის განმარტებაც არ იცის. როცა გაკოტრებული პოლიტიკოსი ხარ, შემდეგ დედამიწაზე ყველაფერს აბრალებ შენს წარუმატებლობას. პოლიტიკური დევნა ნიშნავს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო რომ დაიჭერენ ადამიანს. ეს ხალხი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო არ არის დაჭერილი. ეს ხალხი დაჭერილია იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს. ეს გამოგონილი ბრალდება დაახლოებით იგივეა, პატარძალი რომ იძახის, ეზო ვერ დავგავე, მრუდეაო. როცა პოლიტიკაში წარუმატებელი ხარ, შემდეგ უკვე მიედ-მოედები და ხან უცხოელებს აბრალებ, ხან ადგილობრივს და ა.შ. დანაშაული შედგა, ნიშნები იყო, სასჯელი მიესაჯა, რაც, სხვათა შორის, მაქსიმალური არ იყო. შესაბამისად, აქ პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.