შალვა პაპუაშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები

შალვა პაპუაშვილი

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„300 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები – თუ როგორ შეიქმნა და მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი წამების სისტემა, როგორ ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები, როგორ ხდებოდა ბიზნესის რეკეტი, როგორ ხდებოდა მედიის მიტაცება და როგორი იყო ჩადენილი დანაშაულები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დოკუმენტში, რომლის ინგლისური თარგმანიც მომზადდა და გამოიცა, დეტალურადაა აღწერილი თითოეული პოლიტიკური თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაული.

„ეს დოკუმენტი გადაეცემა ყველა საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საელჩოების მეშვეობით მივიდეს ყველა რელევანტურ აქტორთან, მათ შორის მათთან, ვინც დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის იმ პერიოდის მხარდამჭერები არიან საზღვარგარეთ. დღემდე „ევროპის სახალხო პარტია“ არ აძევებს საკუთარი რიგებიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა გაერთიანებები მის დანაყოფებს საკუთარი რიგებიდან. დღემდე ამ დანაშაულის მთავარ ორგანიზატორს, შემოქმედსა და იდეოლოგს – მიხეილ სააკაშვილს ტაშს უკრავენ ზოგიერთი უცხოელი აქტორები, რითიც, უპირველეს ყოვლისა, ჩრდილს აყენებენ ევროპულ ღირებულებებს, დასავლეთს. ეს დოკუმენტი მივა ყველა რელევანტურ ადამიანამდე, ყველა კვლევით ორგანიზაციამდე, რათა თითოეული მტკიცებულებით ყველამ იცოდეს, თუ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში, რომლის რეინკარნაციასაც ახლა, როგორც ვხედავთ, ცდილობენ სწორედ ამ რეჟიმის შემქმნელი ადამიანები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.