შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე: ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს ადამიანების აზრებით. ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება

 შალვა პაპუაშვილი

ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს ადამიანების აზრებით. ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება, - ასეთია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასება, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაზე, რომ მას სამარტოო საკანში პროვოკაცია მოუწყვეს და სცემეს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა მისივე განცხადებაში ამხილა საკუთარი ტყუილი, ვინაიდან ის სამარტოო საკანში არ ყოფილა.

„რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, ადამიანმა მილიარდი დოლარის თაღლითობა ჩაიდინა. შემდეგ ოსტაპ ბენდერის გაქნილობით მანქანა გადააკეთა, შიგნით სამალავი გააკეთა და საქართველო დატოვა ასე. ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს ადამიანების აზრებით. ასე, რომ რა თქმა უნდა მისი განცხადებების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. მოვისმინეთ ჩვენ განცხადება პენიტენციური სამსახურისა, ამას გარდა მოკვლევა არის დაწყებული იმისთვის, რომ დადგინდეს მაინც დეტალები რასთან გვქონდა საქმე. ნახეთ, რომ მის განცხადებაშივე იყო თაღლითობა ჩადებული თითქოს, რომ ის სამარტოო საკანში იყო მთელი ეს პერიოდი, რაც არის ტყუილი. ამაზე თქვა პენიტენციურმა სამსახურმა, რომ ის არის საკანში, სადაც 4 ადამიანი თავსდება და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პატიმრებთან ერთად იყო. ასე, რომ რა გითხრათ, ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“.