შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტში სულ უფრო ისმის მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული იდენტობა, თუმცა ჯერ კიდევ მძლავრობენ რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს მიაქანებენ ბნელი წარსულისკენ

შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში ევროპელი პატრიოტების ხმა, მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ევროპული იდენტობა და ევროკავშირი ეფუძნებოდეს ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, ევროკავშირში ჯერ კიდევ მძლავრად არიან ის რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს ევროპის ბნელი წარსულისკენ მიაქანებენ.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატებისას ეს თვალნათლივ გამოჩნდა.

„ჩვენ ეს გუშინ თვალნათლივ დავინახეთ, როდესაც პირდაპირ ჩავხედეთ იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, რომლისკენაც ბრიუსელის ბიუროკრატია მიაქანებს დღეს ევროკავშირს. ვინმეს თუ აინტერესებს, რა არის ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, შეუძლია, ნახოს ევროპარლამენტის გუშინდელი სხდომა და ეს არის სრული ვიზუალიზაცია ცივილიზაციური უფსკრულისა, სადაც ევროპარლამენტის ეს პოლიტიკური ნაწილი დღეს იმყოფება. ჩვენ ვიხილეთ კომბინაცია იმ ყველაფრისა, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს. ეს არის ზიზღი, ეს არის ცივილიზაციური ქედმაღლობისა და აღმატებულობის პოზა, რომელსაც გუშინ ვუყურებდით. ეს არის ტყუილი, პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იყო გაჟღერებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ იმედგაცრუება აქვთ, როგორც ევროკავშირის მოქალაქეებს, ისე ქართველ ხალხს, რომელიც წევრობისკენ ისწრაფვის და ამავდროულად, ევროპული ღირებულებების შემოქმედია.

„რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც სრულად დასცილდნენ ევროპელი ხალხების დაკვეთას, არიან სრულად აღმსრულებლები რაღაც გეოპოლიტიკური, გლობალისტური მიზნებისა, რომლებსაც მათ ყურში უჩურჩულებენ არაფორმალური მმართველები. მეორე, ეს არის იმედგაცრუება ქართველი ხალხისთვის, რომელიც, გარდა იმისა, რომ მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, თავად არის შემოქმედი ევროპისა, ევროპული ცივილიზაციისა, ევროპული ღირებულებებისა. ჩვენ, ქართველები ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ ბრიუსელი ანგრევს ევროპულ ცივილიზაციას და ამას ვხედავთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს აშშ – ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.