1766050229
შსს-ს ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორი დაქტილოსკოპიური სკანერებით სრულად აღიჭურვა
დროებითი მოთავსების იზოლატორი დაქტილოსკოპიური სკანერებით სრულად აღიჭურვა, დამატებით 12 სკანერი იზოლატორის ადმინისტრაციას საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა გადასცა. აღნიშნული სკანერების მეშვეობით, მყისიერად ხდება იზოლატორში შეყვანილი პირის დაქტილოსკოპირება და ხელის კვალის ნიმუშების საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არსებულ ერთიან ბაზაში განთავსება.
შსს-ს ცნობით, გარდა ამისა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებმა, ამ მიმართულებით, დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა სრულად გადამზადებაც უზრუნველყვეს.
თითის ანაბეჭდების ბაზების შესაქმნელად და ანაბეჭდების იდენტიფიცირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დანერგილია, ავტომატური საძიებო-საიდენტიფიკაციო სისტემა AFIS DACTO 2000, რომელიც გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის საშუალებას იძლევა.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.











