შალვა პაპუაშვილი ALDE-ს რეზოლუციაზე: ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ვხედავთ ბრიუსელში, გარკვეული სოვეტიზაცია, საბჭოთა ნიავი, რომელიც ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების კორიდორებში

შალვა პაპუაშვილი

ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ვხედავთ ბრიუსელში, გარკვეული სოვეტიზაცია, საბჭოთა ნიავი, რომელიც ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების კორიდორებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის თემაზე კომენტირებისას.

მისი თქმით, როდესაც ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ყალბია, ფაქტობრივად მილიონ ნახევარი საქართველოს ამომრჩევლის, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, გაუქმებაა.

„ALDE-ს რეზოლუცია თავის თავზე მეტყველებს, რადგან ორგანიზაციის წევრები არიან „გირჩი“, „დროა“, „ლელო“ და მსგავსი პარტიები, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ და უარს ამბობენ დემოკრატიაზე. მათ [ორგანიზაციამ] ყალბი არჩევნები უწოდეს თვითმმართველობის არჩევნებს. მათი წევრი პარტია „ლელო“ იღებდა ამ არჩევნებში მონაწილეობას, მანდატები მიიღო და ამის გამოყენებასაც აპირებენ. რანაირად არის ყალბი არჩევნები, ეს უკვე ცალკე საკითხია.

მე მეორე ასპექტი უფრო მენიშნა - ALDE-ს ლიდერები არიან ევროკავშირის საგარეო საკითხებში კომისარი ქალბატონი კაია კალასი და ევროკავშირის გაფართოების კომისარი, ქალბატონი მარტა კოსი. რამდენადაც ვნახეთ, ისინი მონაწილეობას იღებდნენ ამ კონგრესში. აქ კითხვა ლეგიტიმურია იმ მხრივ, რომ რას ამბობს ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი. ჩვენს თვითმმართველობის არჩევნებს ყალბ არჩევნებს უწოდებენ?! მნიშვნელოვანია ამ მხრივაც მოვისმინოთ განმარტებები. როდესაც ამბობენ, რომ ყალბი არჩევნებია, ფაქტობრივად მილიონ ნახევარი საქართველოს ამომრჩევლის, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, გაუქმებაა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელში მიმდინარე პროცესები საბჭოთა პერიოდს წააგავს.

„პარტია ამ რეზოლუციით გვეუბნება, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთ, თქვენ არაფერი ხართ, თქვენ ხართ ნული და მნიშვნელობა აქვს შუშანა მაცაბერიძეს ALDE-ს პარტიისთვის. ის არის ხალხი და ჩვენ ვართ ნული. ეს არის პრობლემა - ჩვენ შევყურებთ ევროკავშირს, ბრიუსელს და პირდაპირ ვხედავთ საბჭოთა პერიოდს. ზუსტად ასე გვიყურებდნენ როგორც არარსებულს, გაუქმებულ ხალხს და ქვეყანას, რომლებიც ჩვენს სათქმელს ვერ ვიტყოდით, უნდა დაენიშნათ ჩვენთან მეორე მდივანი, რომელიც ყველაფერზე ვეტოს დაადებდა. ზუსტად ასე უნდათ მეორე მდივნებად ჰყავდეთ თავისი წარმომადგენლები, რომ ყველაფერზე ვეტო დაგვიდონ.

სხვათა შორის ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ორივე პოსტსაბჭოთა, პოსტკომუნისტური რესპუბლიკებიდან არიან და იმ დროს დაბადებულები, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა. ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ვხედავთ ბრიუსელში, გარკვეული სოვეტიზაცია, საბჭოთა ნიავი, რომელიც ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების კორიდორებში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) 25 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „გმობს გაყალბებულ არჩევნებს“ საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს.