ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობა მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში და ამას ამართლებს, თვალს უხუჭავს ევროკავშირის საელჩო და კომისია, რაც არის კატასტროფა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა
მედიასთან.
მან აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში ნეპალის ძალადობრივი სცენარი იყო დაანონსებული.
„მე ტრადიციულად, 4 იანვარსაც ვაპირებდი გამოხმაურებას, რომ 4 ოქტომბრიდან გავიდა სამი თვე და ევროკავშირი ჯერ კიდევ არ გმობს ძალადობას, მაგრამ საახალწლო დღეები იყო და საზოგადოება ზედმეტად არ დავტვირთე. თუმცა, მოვა 4 თებერვალი და დაველოდოთ, იქნებ მანამდე მაინც ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც, რომელიც იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არ არის ევროპული საქციელი - ასეთ წინადადებას შევთავაზებ. აბა, ამას მაინც თუ იტყვის ევროკავშირის ელჩი.
ევროკავშირს დღემდე არ დაუგმია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი მათ მიერ მხარდაჭერილი ხალხის მხრიდან. ვინც იმ შტურმში მონაწილეობდა, ამ სახეებს ყველას ნახავთ საელჩოებში სხვადასხვა მიღებაზე, სხვადასხვა „ენჯეოში“ თანამშრომლებად, დაფინანსებამიღებულს და ასე შემდეგ. იქ ვინც ტრიალებდა, მათ შორის, ამას აკეთებდნენ ევროკავშირის დროშით.
საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობა მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში და ამას ამართლებს, თვალს უხუჭავს ევროკავშირის საელჩო და კომისია, რაც არის კატასტროფა. ამას არა თუ დაგმობა არ მოჰყოლია, არამედ ეს იყო ხაზგასმით ევროკომისიის სპიკერის მხრიდან მხარდაჭერილი, ნეპალის სცენარი საქართველოში. 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო ძალადობა, დაანონსებული იყო ნეპალი, რაც ნიშნავს ხელისუფლების სისხლიან დამხობას. ევროკომისიის სპიკერს ჰკითხეს, ხელისუფლების დამხობის ამ შეკრებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთო და თქვა, რომ სოლიდარულია და მხარს უჭერს. ევროკავშირიდან არავის დღემდე ბოდიში არ მოუხდია, განმარტება არ გაუკეთებია”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან აქვე გაიხსენა, რომ ძალადობის მიმართ ბრიუსელიდან მხარდაჭერა პრეზიდენტის სასახლის შტურმის პროცესში დაფიქსირდა.
„უკვე განხორციელების პროცესში ვნახეთ მხარდაჭერა ბრიუსელიდან - მიდიოდა პრეზიდენტის სასახლის პირდაპირ შტურმი და ამ შტურმის პროცესში ვნახეთ ბრიუსელიდან მხარდამჭერი პოსტები. მათ შორის, მოლდოვის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამ ძალადობას მაშინ, როდესაც მისი კოლეგის - საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, გავახსენდით და მხარი დაუჭირა ამ ძალადობას. ეს კიდევ რა თქმა უნდა, ეჭვს აღვივებს, რომ ეს იყო საერთო, ორკესტრირებული და კოორდინირებული საინფორმაციო მხარდაჭერა საქართველოში ნეპალის ძალადობრივი სცენარის განხორციელებისა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუყურებთ იმ ფარისეველ ევროპელებს, რომლებმაც ამას მხარი დაუჭირეს და როგორც კი ჩაფლავდა ოქტომბრის რევოლუცია მაშინვე ყველა დაიმალა კუთხეებში და დღემდე ხმას არ იღებენ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.
რაც შეეხება თავად სასამართლო პროცესებს, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მოხდა ყველაფერი. არ ვიცი, რამდენი ტელევიზიით, რამდენი პირდაპირი ჩართვით, რამდენი სოცმედიის ანგარიშიდან ცოცხალ რეჟიმში ვუყურებდით სისხლიანი გადატრიალების მცდელობას. ჩვენთვის ადამიანურად, პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. ვის რა სამართლებრივი კვალიფიკაცია ეკუთვნის, ამას სასამართლო დაადგენს”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.