1766050229
სერბეთი ასევე კანდიდატი ქვეყანაა და შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა რთულ პირობებში უწევს ურთიერთობა ევროკავშირთან - ირაკლი მეზურნიშვილი
ბელგრადში, "სერბეთის სასახლეში" საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს სერბი კოლეგა, ალექსანდარ ვუჩიჩი უმასპინძლებს.
დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვდება სერბეთის პრემიერ-მინისტრს და ეროვნული კრების თავმჯდომარეს. საქართველოს პრეზიდენტი ბელგრადში მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, ღამით ჩაფრინდა.
"ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. სულ ახლახან დაინიშნა პირდაპირი რეისები ბელგრადსა და თბილისს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვნახოთ ის გზა, რა გზაც გაიარა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სერბეთმა. მოგეხსენებათ, რომ ის ასევე არის კანდიდატი ქვეყანა და შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა რთულ პირობებში უწევს ურთიერთობა ევროკავშირთან," - აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ირმა ზავრადაშვილის თქმით, საქართველოსა და სერბეთს საერთო პრიორიტეტები აქვთ, შესაბამისად, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია.
"ჩვენს ორ ქვეყანას შორის არის ძალიან ბევრი ღირებულებითი ერთიანობა, შესაბამისად, ამ ორი ქვეყნის უფრო მეტად დაახლოებას, თანამშრომლობას ნებისმიერი მიმართულებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღიარებიდან დაწყებული, - თითქმის ყველა საკითხი, რაც მათთვის პრიორიტეტულია, ჩვენთვისაც ასეა. შესაბამისად, ამ ურთიერთობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს," - აცხადებს ირმა ზავრადაშვილი.










